ტურინის „იუვენტუსის“ ახალი ფორვარდის თემა კლუბის გარშემო ბოლო დროს ყველაზე აქტუალურია. იტალიურ მედიაში თითქმის ყოველდღე განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება.
ბოლო ცნობებით, ტურინელები ურუგაველ თავდამსხმელეს, ლუის სუარესსა და ედინსონ კავანის შორის გააკეთებს არჩევანს. უფრო სწორად, გაკეთებული აქვს, მაგრამ B გეგმაც არსებობს.
როგორც ცნობილი გახდა, ტურინელები ლუის სუარესთან შეთანხმებულნი არიან, „ბარსელონაც“ მზადაა სამხრეთამერიკელთან კონტრაქტი გაწყვიტოს და ლუისი მომდევნო კვირაში იტალიური ენის გამოცდას ჩააბარებს, რაც მას იტალიის პასპორტის აღების საშუალებას მისცემს და როგორც არაევროკავშირელი, იტალიაში აღარ ჩაითვლება, შესაბამისად, ტრანსფერის დაბრკოლება აღარ იარსებებს. სუარესთან „იუვენტუსი“ 3-წლიან კონტრაქტზე და სეზონში 10 მილიონი ევროს ხელფასზეა შეთანხმებული.
პარალელურად, „იუვენტუსს“ მეორე ვარიანტიც აქვს. ფაბიო პარატიჩი ედინსონ კავანის ესაუბრა და მასთანაც წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. სუარესისგან განსხვავებით, კავანის ევროკავშირის პასპორტი უკვე აქვს და ამასთან თავისუფალი აგენტიცაა, რაც ტრანსფერის შანსს ზრდის. „მატადორი“ მზადაა, იტალიაში დაბრუნდეს, მიუხედავად მისი წარსულისა, რომელიც „ნაპოლის“ უკავშირდება.
კავანის გადაბირების შემთხვევაში „იუვე“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და 12 მილიონი ევროს ხელფასს მიიღებს. თუმცა, ეს ყველაფერი არაა, ჯერ კიდევ დღის წესრიგშია „ატლეტიკოდან“ ალვარო მორატას იჯარით აყვანა და არც ეს ვარიანტია გამორიცხული.
ჯერჯერობით, ყველაფერი ღია რჩება. მოსალოდნელია, რომ სეზონის დაწყებამდე ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება.