მთავარი / სიახლეები / სისოკო: “თუ “იუვე” ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ტურინში ფანებთან ერთად აღვნიშნავ”

სისოკო: “თუ “იუვე” ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ტურინში ფანებთან ერთად აღვნიშნავ”

დღეს, „იუვენტუსი“ „ვალენსიას“ დაუპირისპირდება და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიწყო საუბარი Tuttojuve-სა და მომო სისოკოს შორის.

სისოკო ის ფეხბურთელია, რომელსაც თავის დროზე „ვალენსიაშიც“ უთამაშია და „იუვენტუსშიც“. მომო „ბებერი სინიორას“ ღირსებას 2008-2011 წლებში იცავდა და 100 თამაშში 3 გოლიც გაიტანა.

– ველოდებით „იუვენტუსისა“ და „ვალენსიას“ შეხვედრას. თქვენ ორივე გუნდში გითამაშიათ. რომელი უფრო ახლოა თქვენთვის, როგორი თამაში იქნება?

– ვფიქრობ, „იუვენტუსი“ უფრო ძლიერია, შესაბამისად, ფავორიტია. არამარტო დღეს, არამედ ჩემპიონთა ლიგაზე. ესპანელები ახლა უკეთეს ფორმაში არიან, ვიდრე პირველი დაპირისპირების დროს. თუმცა, ახლა ცოტაა ისეთი გუნდი, რომელთაც ალეგრის გუნდთან კონკურენცია შეუძლიათ.

– როგორ ითამაშებს „ვალენსია“ დღეს საღამოს?

– ჩემი აზრით, კონტრშეტევებზე ძალიან სწრაფად უნდა ითამაშოს. „იუვე“ თამაშს აგრესიულად დაიწყებს, რომ „მანჩესტერთან“ დაშვებული შეცდომები არ გაიმეოროს. მგონია, რომ „იუვე“ ადვილად გაიმარჯვებს.

– რას ფიქრობთ, მანჯუკიჩისა და რონალდუს უკან მოთამაშე დიბალაზე?

– „იუვენტუსს“ ბრწყინვალე შემადგენლობა ჰყავს და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, რომელ პოზიციაზე თამაშობს. ყველა რგოლში დიდი არჩევანია. ვფიქრობ, რონალდუ გახდება თამაშის გმირი.

– რას ფიქრობთ „იუვენტუსის“ ნახევარდაცვაზე?

– საოცარი ნახევარდაცვაა. ფეხბურთელები სწორადაა შერჩეული და ახლა გუნდს ახალი ნახევარმცველი არ სჭირდება. პოგბა? არ ვიცი (იღიმის). ეს სრულიად განსხვავებული ისტორიაა.

– როგორ შეაფასებდით ლეონარდო ბონუჩის თამაშს დაბრუნების შემდეგ?

– ბოუჩის დაბრუნება მყარი გადაწყვეტილება იყო. ახლა უნდა დაუმტკიცოს მსოფლიოს თუ რას ნიშნავს გუნდისთვის. როგორც ვთქვი, გუნდი ყველა რგოლში ძლიერია. თუ ბონუჩი არ იქნება, ბენატია ითამაშებს, რომელიც ძლიერი ფეხბურთელია. მას არ ვურჩევ გუნდის დატოვებას, რადგან ტურინში ყველაფერი კარგადაა, აქვს შანსი იბრძოლოს ძირითადში მოხვედრისთვის და მოიგოს მნიშვნელოვანი ტიტულები.

– „ვალენსიას“ შემდეგ „იუვე“ კიდევ ერთ თქვენს ყოფილ გუნდს, „ფიორენტინას“ ეთამაშება…

– როცა ეს ორი გუნდი თამაშობს, ვითარება ყოველთვის დაძაბული, პრაქტიკულად დერბია. „იუვენტუსი“ ახლა იტალიაში ყველაზე ძლიერია, მაგრამ „ბიანკონერის“ ქომაგები მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე არიან კონცენტრირებულნი. თუ „იუვე“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ტურინში ჩავალ და მათთან ერთად აღვნიშნავ გამარჯვებას.

– კრიშტიანუ რონალდუ „ოქროს ბურთს“ ალბათ ვერ მოიგებს. ამაზე რას ფიქრობთ?

– ის რჩება მნიშვნელოვან მოთამაშედ, თუნდაც ეს ჯილდო წელს ვერ მოიგოს. „იუვენტუსში“ კმაყოფილია და გუნდისთვის დიდ სამუშაოს ასრულებს. განსხვავებით მისი ყოფილი გუნდისგან, რომელიც რონალდუს არყოფნას სერიოზულად განიცდის.

– როგორ მიმდინარეობს თქვენი კარიერა?

– „ჰონგ კონგში“ ვთამაშობდი, მაგრამ ახლა აღარ. ოჯახში პრობლემები იყო და ამიტომ სახლში დაბრუნება მომიწია. ვნახოთ რა მოხდება მომავალში.

შემთხვევითი სიახლე

“იუვე” პოგბას დაბრუნებას იანვარში ეცდება

პოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს შორის ურთიერთობა ისევ დაიძაბა. ბოლო სამი მატჩია ფრანგი ნახევარმცველი „მანჩესტერის“ …