მთავარი / სიახლეები / შვიდიდან შვიდი!
შვიდიდან შვიდი!

შვიდიდან შვიდი!

შვიდიდან შვიდი! „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეშვიდე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში უშუალო კონკურენტი „ნაპოლიც“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილში უპირატესობა განიმტკიცა.

თუ არ ჩავთვლით, საწყის 15 წუთს, ტურინელები მეტოქეს ერთი თავით აღემატებოდნენ და ისე მოიგეს, კითხვის ნიშნები არ დაუტოვებიათ. არადა, თამაში მასიმილიანო ალეგრის გუნდისთვის ცუდად დაიწყო. ეს ნაკლები კონცეტრაციის ბრალი იყო, რადგან „იუვეს“ ფეხბურთელი საკუთარ ნახევარზე ბევრ შეცდომას უშვებდნენ და სწორედ ერთ-ერთ ასეთ უყურადღებო გარჯის შედეგად გაიხსნა ანგარიში. ლეონარდო ბონუჩი შეცდა და „ნაპოლიმ“ კარიდან 30 მეტრში ისეთი სახიფათო შეტევა დაიწყო, რომ გოლით დასრულება უფრო ადვილი იყო, ვიდრე პირიქით. შედეგად, ალანი-კალეხონი-მერტენსის კომბინაცია ბელგიელის გოლით დასრულდა.

სწორედ აქედან მოყოლებული გამოცოცხლდა „იუვენტუსი“ და ნელ-ნელა უპირატესობა ხელთ იგდო. შედეგიც მალევე მოიმკა. კრიშტიანუმ მარცხენა ფლანგზე ჩინებულად ითამაშა, საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი მარიო მანჯუკიჩი იყო, რომელმაც თავით გააათანბრა. მალევე, რონალდუს თავად შეეძლო გატანა, მაგრამ მისი საჯარიმო დარტყმა დავიდ ოსპინამ კარის ხაზზე გააჩერა. „იუვეს“ მეორე გოლის გასატანად დიდი ლოდინი არ დასჭირვებია.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, რომ ტაბლოზე 2:1 აინთო. ეს, ისევ რონალდუსა და მანჯუკიჩის დამსახურება გახლდათ. პორტუგალიელმა ძლიერად დაარტყა, ძელს მოხვდა, ხოლო იქედან ასხლეტილ ბურთს ცარიელ კარში ხორვატმა დაამატა და სეზონში პირველი დუბლი გაიფორმა. მალევე, „ნაპოლი“ უმცირესობაში დარჩა. მარიო რუი პაულო დიბალას ეუხეშა და შედეგად მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ბუნებრივია, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ალეგრის გუნდს აღარ გაუჭირდებოდა. ასეც მოხდა. რონალდუმ კი მესამე გოლშიც მიიღო მონაწილეობა: ბერნარდესკის კუთხურის შემდეგ თავით ითამაშა პირველ ძელთან, ხოლო შორეულ ძელთან ბონუჩიმ ვარდნაში შეაგდო და შეცდომა გამოისყიდა. ეს ლეონარდოს პირველი გოლი გამოდგა ტურინში დაბრუნების შემდეგ. რონალდუმ კი 2 საგოლე პასი გააკეთა და მესამე გოლშიც დიდი როლი ითამაშა. საერთოდ, პორტუგალიელს 3:1 შემდეგ შეეძლო ორჯერ გატანა. ჯერ ფედერიკო ბერნარდესკის დიდებული პასით მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ოსპინამ აჯობა, ხოლო მერე მანჯუკიჩის გადაცემა ვერ შეირგო ხელსაყრელ სიტუაციაში ცუდად დაარტყა. მთლიანობაში კი, რონალდუს „იუვეში“ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიტანა.

„იუვენტუსმა“ კი სეზონში რვა თამაშიდან რვავე მოიგო, სერია A-ში შვიდიდან შვიდი! „ნაპოლის“ უკვე 6 ქულით გაუსწრო და ახლა მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადაერთოს, რადგან სამშაბათს, „ალიანც სთედიუმს“ შვეიცარიის ჩემპიონი „იანგ ბოიზი“ ეწვევა.

„იუვენტუსი“ – „ნაპოლი“ 3:1 (1:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი (ბენტანკური 61), პიანიჩი, მატუიდი; დიბალა (ბერნარდესკი 64), მანჯუკიჩი (კუადრადო 84), რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ნაპოლი“ (4-3-3): ოსპინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი; კალეხონი, ალანი, ჰამშიკი (ფაბიან რუისი 70), ზიელინსკი (მალკუიტი 61); მერტენსი (მილიკი 61), ინსინიე

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 მერტენსი (10), 1:1 მანჯუკიჩი (26), 2:1 მანჯუკიჩი (49), 3:1 ბონუჩი (76)

გაფრთხილება: ბონუჩი (60), კანსელუ (69), ალექს სანდრო (85) – მარიო რუი (24, 58), კულიბალი (40), ჰისაი (55), ინსინიე (60)

გაძევება: მარიო რუი (58)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (9) – 9 (6) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ლუკა ბანტი

შემთხვევითი სიახლე

Sport: “იუვენტუსი” და “ბარსელონა” აგუეროსთვის იბრძვიან

ესპანური გამოცემა Sport-ი იტყობინება, რომ ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ხელში ჩასაგდებად „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ …

“იუვენტუსი” კინი- დემირალის ბარტერზე ფიქრობს

ტურინის „იუვენტუსს“ მოიზე კინის დაბრუნება სურს. იტალიური მედია ამის შესახებ აქტიურად წერს. კინი ამჟამად პსჟ-ში …