იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურის გადადებული მატჩი „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ შორის, როგორც იქნა ჩატარდა, ზუსტად 6 თვის შემდეგ. ორივე გუნდი ამ თამაშს 56-56 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებზე შეხვდა და ამიტომ, შედეგზე ძალიან ბევრი იყო დამოკიდებული.
გამარჯვება მესამე ადგილზე აღზევებას ნიშნავდა, მარცხი ოთხეულიდან ამოვარდნას და სიტუაციის ძალიან გაფუჭებას. ანდრეა პირლოს წაგების შემთხვევაში გათავისუფლებაც ემუქრებოდა, რადგან ზედიზედ ორი მოუგებელი მატჩი უმაგრებდა ზურგს, თანაც აუტსაიდერ „ბენევენტოსა“ და „ტორინოსთან“.
„იუვე“ თამაში აქტიურად დაიწყო, მაგრამ მეორე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ ახლო მანძილიდან თავით ზუსტად ვერ დაარტყა. მიუხედავად ამისა, ტურინელებმა სწრაფი გოლი გაიტანეს. მე-13 წუთზე ფედერიკო კიეზამ მარჯვენა ფლანგზე ფანტასტიკურად ითამაშა, ორ მეტოქეს აუარა გვერდი და კრიშტიანუ რონალდუს უზუსტესი პასი გაუკეთა. პორტუგალიელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. „იუვეს“ შეეძლო პირველ ტაიმში უპირატესობის გაზარდა, მაგრამ რამდენიმე მომენტში არაზუსტი გადაწყვეტილებები მიიღეს.
მეორე ტაიმში კი ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელმაც ვოიცეხ შჩესნი სკამზე დასვა, რამდენჯერმე ითამაშა დამაჯერებლად და საკუთარი გუნდი გადაარჩინა. 69-ე წუთზე მოედანზე პაულო დიბალა გამოჩნდა, არგენტინელი ზუსტად სამთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და დიდი ხნის შემდეგ დაბრუნება გოლით აღნიშნა. ამისთვის მას 4 წუთი დასჭირდა და ჩვეულ სტილში ცაციათი შორეულ ძელთან გაიტანა. პაულოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო, მაგრამ თამაშის მოსაგებადაც. ბოლო წუთზე სიტუაცია მაინც დაიძაბა. ჯორჯო კიელინიმ თამაშის წესი დაარღვია და ლორენცო ინსინიემ პენალტით სხვაობა შეამცირა. მსაჯმა თამაშს 4 წუთი დაამატა, მაგრამ ანდრეა პირლოს გუნდმა ნერვიულობის ფონზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მაინც მოიპოვა.
„იუვენტუსმა“ 59 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე აინაცვლა. „მილანს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება, მაგრამ მეხუთეადგილოსან „ნაპოლისაც“ მხოლოდ 3 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში „ბიანკონერი“ „ჯენოას“ უმასპინძლებს.
„იუვენტუსი“ – „ნაპოლი“ 2:1 (1:0)
ტურინი „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-4-2): ბუფონი; დანილო, დე ლიხტი, კიელინი, ალექს სანდრო; კუადრადო (მაკკენი 69), ბენტანკური, რაბიო, კიეზა (არტური 80); რონალდუ, მორატა (დიბალა 69)
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
„ნაპოლი“ (4-2-3-1): მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, კულიბალი, ჰისაი (მარიო რუი 76); დემე (ოსიმენი 54), ფაბიან რუისი (პეტანია 89); ლოსანო (პოლიტანო 54), ზიელინსკი, ინსინიე; მერტენსი (ელმასი 76)
მწვრთნელი: ჯენარო გატუზო
გოლები: 1:0 რონალდუ (13), 2:0 დიბალა (73), 2:1 ინსინიე (90, პენ)
გაფრთხილება: ალექს სანდრო (54) – კულიბალი (22), რაჰმანი (81)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (3) – 15 (5) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: მაურიციო მარიანი