ტურინის „იუვენტუსი“ წაგებებს დაეჩვია. მაურიციო სარის გუნდმა სერია A-ში ზედიზედ მეორე გასვლითი თამაში წააგო, ორი კვირის წინ ნეაპოლში და დღეს – ვერონაში.
ტურინული გუნდის თამაშის ხარისხი მიმდინარე სეზონში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ეს ახალი ამბავი არაა. პირველ წრეში გუნდი ახერხებდა ამის ფონზეც გამარჯვებებს, მაგრამ მეორე წრეში სტუმრად ქულაც არ მოუპოვებია და ეს უკვე საგანგაშოა.
პირველ ტაიმში „ვერონას“ თამაშგარის გამო გოლი გაუუქმეს, ხოლო საპასუხოდ დუგლას კოშტამ ხარიხა, კრიშტიანუ რონალდუმ ძელი შეაზანზარა.
მეორე ტაიმში რონალდუმ მაინც გაიტანა, უკვე ზედიზედ მეათე მატჩში დავიდ ტრეზეგეს რეკორდი გააუმჯობესა და გაბრიელ ბატისტუტას რეკორდს ისევ უტევს, იქამდე ერთ შეხვედრაში გოლია დარჩენილი. რონალდუმ პაულო დიბალასთან გათამაშებული კომბინაცია დააგვირგვინა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა.
ჯერ მირალემ პიანიჩი შეცდა და ფაბიო ბორინიმ გაათანაბრა, მერე ლეონარდო ბონუჩიმ საჯარიმოში ხელით ითამაშა და ჯამპოალო პაცინის პენალტმა ყველაფერი გადაწყვიტა.
ხვალ „ინტერი“ გამარჯვების შემთხვევაში „იუვეს“ ქულებით გაუთანაბრდება, ხოლო თავად ტურინელების მომდევნო გაჩერება შინ „ბრეშა“ იქნება. მანამდე იტალიის თასის მატჩია „მილანთან“ სტუმრად.
„ვერონა“ – „იუვენტუსი“ 2:1 (0:0)
ვერონა, „ბენტეგოდი“
„ვერონა“ (3-4-3): სილვესტრი; რაჰმანი, გუნტერი, კუმბულა; ფარაონი, ამრაბატი, ველოზუ (ვერე 58), ლაზოვიჩი (დიმარკო 79); პესინა, ბორინი, ძაკანი (პაცინი 69)
მწვრთნელი: ივან იურიჩი
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; ბენტანკური (დე შილიო 82), პიანიჩი, რაბიო; დუგლას კოშტა (რემზი 72), იგუაინი (დიბალა 59), რონალდუ
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 0:1 რონალდუ (65), 1:1 ბორინი (78), 2:1 პაცინი (86, პენ)
გაფრთხილება: ლაზოვიჩი (39), პესინა (41) – ალექს სანდრო (20), ბონუჩი (85)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 10 (5) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: დავიდე მასა