ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანიელე რუგანიმ Sky Sport-თან ისაუბრა და როგორც ფეხბურთის, ისე კორონავირუსის შესახებ გააკეთა კომენტარი.
კორონავირუსი – „ინტერთან“ მატჩიდან ორ დღეში ვარჯიშზე ტემპერატურამ ამიწია. თავს უცნაურად ვგრძნობდი და ჩვეულებრივზე ცხელი ვიყავი. სიცხის დამწევი დავლიე და 36-მდე დაიწია. შეგვეშინდა, ექიმები თანდათან გვარწმუნებდნენ, რომ ეს დაავადება ორსულობას პრობლემას არ შეუქმნიდა (რუგანის საცოლე ორსულადაა – რედ). ეს ყველაფერი ძალიან დაგვეხმარა და პოზიტიური ენერგია მოგვცა.
კონდიცია – ძალიან კარგად ვარ, კარგ ხასიათზე და ყველაზე ცუდი წარსულში დარჩა. რთული თვე გამოვიარეთ, მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. გამიმართლა, რომ მსუბუქი სიმპტომები მქონდა.
სეზონის განახლება – ბუნდესლიგა? უცნაურია ცარიელი სტადიონის ხილვა, სათადარიგო სკამზე მოთამაშეების პირბადეებით ყურება. თუმცა სწორია და საჭირო იმისთვის, რომ მოედანზე უსაფრთხოდ ვიყოთ. ეს არის ზომები, რომელიც მიღებული უნდა იყოს მოედანზე მაქსიმალურად უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის, თუნდაც ეს ყველაფერი უცნაური იყოს. ველოდებით, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის.
სეზონი – იმედი მქონდა, რომ მეტს ვითამაშებდი, მაგრამ მწვრთნელი სხვა არჩევანს აკეთებდა. ვფიქრობ, რომ სწორად ვმუშაობ და როდესაც ჩემი დრო დადგება მზად ვიქნები. ეს არის ჩემი ფილოსოფია და ასე გავაგრძელებ“.