ტურინის „იუვენტუსმა“ 2020 წელი ჩინებული განწყობით დაიწყო, რადგან პირველივე შეხვედრაში „კალიარი“ ადვილად 4:0 დაამარცხა.
სარდინიელებმა „იუვეს“ წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, მაგრამ შესვენების შემდეგ მაურიციო სარის გუნდი გაცილებით კარგად ათამაშდა და მეტოქეს შანსი არ მისცა.
ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, რომელმაც მცველებს ბურთი მოპარა, მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში ზუსტად დაარტყა. მალევე, პაულო დიბალამ საჯარიმოში ითამაშა ძალიან კარგად და პენალტი გამოიმუშავა, რომელიც რონალდუმ გოლად აქცია. პორტუგალიელმა სულ მალე საგოლე პასი მიითვალა და მეტოქე გონსალო იგუაინმა დაამწუხრა. ზუსტად ერთ წუთში კი დუგლას კოშტამ რონალდუს გაატანინა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
გარდა იმისა, რომ „იუვემ“ 2020 წელი მსუყე გამარჯვებით დაიწყო, რონალდუმ სერია A-ში ჰეთ-თრიქი პირველად შეასრულა და პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამის გაკეთება მოახერხა. კრიშტიანუს აქამდე ერთ მატჩში სამი გოლი „იუვეს“ მაისურით მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ჰქონდა.
„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 45 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
„იუვენტუსი“ – „კალიარი“ 4:0 (0:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კუადრადო, დემირალი, ბონუჩი, ალექს სანდრო; რაბიო, პიანიჩი, მატუიდი (ემრე ჯანი 83); რემზი (დუგლას კოშტა 80); დიბალა (იგუაინი 70), რონალდუ
მწვრთნელი: მაურიციო სარი
„კალიარი“ (4-3-1-2): ოლსენი; კაჩატორე (ფარაგო 61), ვალუკივიჩი, კლავანი, პელეგრინი; ნანდესი, ჩიგარინი (ოლივა 85), როგი; ნაინგოლანი; ჟოაო პედრო, სიმეონე (ჩერი 80)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
გოლები: 1:0 რონალდუ (49), 2:0 რონალდუ (67, პენ), 3:0 იგუაინი (81), 4:0 რონალდუ (82)
გაფრთხილება: რაბიო (41) – ჟოაო პედრო (48)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (11) – 5 (3) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 3:0
მსაჯი: პიერო ჯაკომელი