ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მიშელ პლატინიმ Gazzetta Dello Sport-თან საუბარში პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ არგენტინელი „იუვეში“ დარჩება.
„ავოკატო აღარ არის (ჯანი ანიელი), მაგრამ თუ მას სივორი მოსწონდა, ვფიქრობ, რომ დიბალას ძალიან დააფასებდა. არგენტინელი მოედანზე ძალიან კარგია და სუფთა სახეა. შესანიშნავი ადამიანია.
დიბალა გოლების რაოდენობით მალე გადამასწრებს „იუვეში“? საინტერესოა. ციფრები ერთია, მაგრამ ჩვენ განსხვავებული სტილის ფეხბურთელები ვართ. შედარებებს ყოველთვის ვერიდები, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ის უკეთეს ვითარებაშია, ვიდრე მე: 40 წლით ჩემზე უმცროსია.
უფრო თავდამსხმელია? ნამდვილად. ის არის თავდამსხმელი. შეუძლია ყველგან ითამაშოს, მაგრამ თავდამსხმელად რჩება. კარგი იქნება მისი კარიერისთვის თუ „იუვენტუსში“ დარჩება.
რონალდუ? არ შეიძლება მისი შესაძლებლობები ეჭვქვეშ დავაყენოთ, დიდი ჩემპიონია, დიდი ხნის განმავლობაში მატჩების ბედს წყვეტს და დიბალასთან ერთად კარგად თამაშობს“, – თქვა პლატინიმ.