ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის შემდეგ სეზონი სერია A-შიც განაახლა და „რენატო დალ არას“ სტადიონზე „ბოლონიას“ ესტუმრა.
მაურიციო სარის გუნდი ბოლო დროს დიდი კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან ზედიზედ ორ მატჩში გოლიც არ ჰქონდა გატანილი, რასაც იტალიის თასის ფინალში მარცხი ემატებოდა.
ამიტომაც, „ბოლონიასთან“ ფეხის დაცდენის უფლება არ ჰქონდა, მითუფრო, რომ „ლაციო“ და „ინტერი“ ძალიან ახლოს იმყოფებიან.
„იუვეს“ ციდან ვარსკვლავები არც ამჯერად დაუკრიფავს, მაგრამ გამარჯვება მაინც დამაჯერებლად მოიპოვა. ანგარიში 23-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ პენალტით გახსნა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს ფედერიკო ბერნარდესკის შესანიშნავი პასით პაულო დიბალამ კიდევ უფრო მაგარი გოლი გაიტანა და მატჩის ბედი პრაქტიკულად იმ მომენტში გადაწყდა.
მეორე ნახევარში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და „იუვენტუსმა“ 2:0 იმარჯვა. შედეგად, 66 ქულა დააგროვა და ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. მომდევნო ტურში კი 26 ივნისს, „ლეჩეს“ უმასპინძლებს.
„ბოლონია“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:2)
ბოლონია, „რენატო დალ არა“
უმაყურებლოდ
„ბოლონია“ (4-2-3-1): სკორუპსკი; ტომიასუ, დანილო, დენსვილი, დიკსი; სვანბერგი (პალასიო 57), მედელი (პოლი 82); ორსოლინი (მუსა 82), სორიანო (დომინგესი 75), სანსონე (კანჯანო 82); ბაროუ
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, დე შილიო (დანილო 66); ბენტანკური, პიანიჩი (რემზი 70), რაბიო (მატუიდი 70); ბერნარდესკი, დიბალა (დუგლას კოშტა 79), რონალდუ
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 0:1 რონალდუ (23, პენ) 0:2 დიბალა (36)
გაფრთხილება: სორიანი (35) – დე შილიო (66), ბენტანკური (69), დანილო (82, 90)
გაძევება: დანილო (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (1) – 12 (5) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 4:3
მსაჯი: ჯანლუკა როკი