ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-11 ტურში გენუაში „ჯენოას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ანდრეა პირლოს გუნდს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ბოლოს მეტოქე მაინც გატეხა და გამარჯვება იზეიმა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 57-ე წუთზე კი ანგარიში პაულო დიბალამ გახსნა. არგენტინელმა შემტევმა საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა და ზუსტად დაარტყა. თუმცა, „იუვემ“ უპირატესობა 4 წუთი შეინარჩუნა. სტეფანო სტურარომ, რომელიც ადრე „იუვეში“ თამაშობდა, ზუსტი დარტყმით გაათანაბრა.
„იუვენტუსმა“ ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა და ამან შედეგი გამოიღო. ხუან კუადრადომ 76-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ ზუსტად დაარტყა. ბოლო წუთზე კი გენუელთა კარში კიდევ ერთხელ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი და კრიშტიანუმ დუბლი შეასრულა – 1:3.
აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ სასარგებლოდ ორივე პენალტი სამართლიანად დაინიშნა, თუმცა სამი გოლი არ ჩაუთვალეს ტურინელებს, ამ შემთხვევაშიც სამართლიანად. მოკლედ, „იუვემ“ მოიგო, მიმდინარე სეზონში სერია A-ში ზედიზედ ორ თამაშში პირველად იმარჯვა.
მომდევნო მატჩი „ბებერ სინიორას“ ბერგამოს „ატალანტასთან“ ელოდება.
„ჯენოა“ – „იუვენტუსი“ 1:3 (0:0)
გენუა, „მარასი“
„ჯენოა“ (4-4-2): პერინი; გოლდანიგა, ბანი, მაზიელო, პელეგრინი; ლერაგერი, რადოვანოვიჩი (კაზო 82), როველა (პანდევი 82), სტურარო (ბეჰრამი 66); პიაცა (შომუროდოვი 73), სკამაკა (დესტრო 66)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; მაკკენი, ბენტანკური, რაბიო (მორატა 67), კიეზა (ბერნარდესკი (84); დიბალა (კულუშევსკი 83), რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლები: 0:1 დიბალა (57), 1:1 სტურარო (61), 1:2 რონალდუ (78, პენ), რონალდუ (90, პენ)
გაფრთხილება: გოლდანიგა (15) – რაბიო (2), მაკკენი (77), ბენტანკური (83)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 3 (2) – 17 (9) ბურთის ფლობა: 29% – 71% კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 0:10
მსაჯი: მარკო დი ბელო