ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „პარმასთან“ (3:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მეორე ტაიმში გუნდმა უკეთ ითამაშა, მთავარი კი 3 ქულის მოპოვება იყო.
„ჩვენი პირველი მეტოქე ჩვენივე გონებაა. სწორი დამოკიდებულებით დავიწყეთ, მაგრამ ადვილი არ იყო ბერგამოში მარცხის შემდეგ მენტალური ენერგიის აღდგენა. მიზანი გამარჯვება იყო. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მთავარია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ.
რონალდუს მოქმედება ცოცხალ კედელში? ეს ხდება. სამწუხაროდ, ამ თამაშში მოხდა. ეს არის ეპიზოდი, რომელიც არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ხდება და შეგვიძლია სხვა რამეზეც ვისაუბროთ.
დიბალა? ის არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია, კარგად თამაშობს ხაზებს შორის. მეორე ტაიმში მან ეს უკეთ გააკეთა, პირველ ტაიმში შედარებით ნელი იყო. ვთხოვე უფრო ცენტრში ეთამაშა, რათა კუადრადოსთვის ადგილი გამოეთავისუფლებინა. მეორე ტაიმში დანილოსაც წინ წასვლა ვთხოვე. რამდენად გვაკლდა დიბალა? ძალიან, ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთელია, რაც დიდი ხანია ვიცით. რაც უფრო მეტ წუთს თამაშობს, უფრო მეტად იხვეწება, ეს ამჯერადაც გამოჩნდა. მან შესანიშნავად ითამაშა და მომდევნო მატჩებისთვის მზადაა.
ბუფონი? მას დიდი ხანია ვიცნობ, 18-წლამდე ნაკრებიდან ერთად მოვდივართ. საოცარი ჩემპიონია, კარგად არის და თამაშის დიდი სურვილი აქვს. ის, როდესაც თამაშობს, ყოველჯერზე ამტკიცებს, რომ თავს კარგად გრძნობს“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 65 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 25 აპრილს, ფლორენციაში „ფიორენტინას“ ესტუმრება.