ტურინის „იუვენტუსმა“ 2020-2021 წლების სეზონი წარმატებულად დაწიყო და ანდრეა პირლოს დებიუტიც კარგი გამოვიდა.
„იუვემ“ სეზონის პირველი თამაში შინ გენუის „სამპდორიასთან“ ჩაატარა და დამაჯერებლად ჩაატარა, შედეგიც ლოგიკურია – 3:0. ტურინელები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და საგოლე მომენტები უფრო მეტად რომ გამოეყენებინათ, აუცილებლად უფრო დიდი სხვაობით მოიგებდნენ.
ანდრეა პირლოს ფეხბურთიც ისეთი იყო, როგორსაც ის აქამდე ითხოვდა და აცხადებდა. „იუვენტუსი“ მეტოქეს მთელი თამაში აქტიურად აპრესინგებდა და დაკარგული ბურთის მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნებას ცდილობდა.
პირლოს ერის პირველი გოლიც სწრაფად გავიდა. მე-13 წუთზე თავი დეიან კულუსევსკიმ გამოიჩინა, შვედსაც დებიუტი ჰქონდა, მაგრამ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი ცაცია აქვს და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. ამის შემდეგ უკვე კრიშტიანუ რონალდუს ჯერი დადგა, რომელსაც გოლის გატანა შესვენებამდე არაერთხელ შეეძლო, მაგრამ სიზუსტე აკლდებოდა, ერთხელ მეკარემ აჯობა, ერთხელაც ბურთი ხარიხას მოხვდა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, „იუვენტუსი“ უმეტეს დროს შეტევაში ატარებდა და გოლთანაც ახლოს ბევრჯერ იყო. თუმცა გოლი მხოლოდ მატჩის მიწურულს გავიდა, როდესაც მაკკენის დარტყმა მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ლეონარდო ბონუჩიმ ყველას დაასწრო. 10 წუთში კრიშტიანუმაც გახსნა სეზონის ანგარიში და უპირატესობა გაიზარდა. პორტუგალიელს საგოლე პასი აარონ რემზიმ გაუკეთა.
ამრიგად, „იუვენტუსმა“ ახალი სეზონი კარგ განწყობაზე დაიწყო, ანდრეა პირლოს დებიუტიც შესანიშნავი გამოდგა. წინ კი „რომასთან“ მატჩია, რომელიც ერთ კვირასი გაიმართება.
„იუვენტუსი“ – „სამპდორია“ 3:0 (1:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (3-5-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი (დემირალი 82); კუადრადო (ბენტანკური 78), რაბიო, მაკკენი, რემზი, ფრაბოტა (დე შილიო 67); კულუსევსკი (დუგლას კოშტა 82), რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
„სამპდორია“ (4-5-1): აუდერო; ბერეშინსკი, კოლი, ტონელი (იოშიდა 46), აგუდელო; დეპაოლი (რამირესი 46), ტორსბი (დამსგაარდი 70), ეკდალი, ლერისი (კუალიარელა 46), იანკტო; ბონაცოლი (ვერე 70)
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი
გოლები: 1:0 კულუსევსკი (13), 2:0 ბონუჩი (78), 3:0 რონალდუ (88)
გაფრთხილება: ფრაბოტა (54) – ტონელი (4)
სტატიტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (9) – 14 (2) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 3:2
მსაჯი: მარკო პიჩინინი