ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 41 წლის სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი შეშინებული თამაშობდა და მისი შთაბეჭდილებით, მინდორზე საერთოდაც არ გასულა.
„თავიდანვე არასწორი დამოკიდებულებით დავიწყეთ. როდესაც სიბრაძე არ გაქვს ორთაბრძოლების დროს, ყველაფერი რთულდება. ჩვენ მოედანზე არც გავსულვართ. შიშით ვთამაშობდით, გვეშინოდა მეტოქის შეტევების და მხოლოდ თავდაცვაზე ვფიქრობდით, თანაც ამას აგრესიის გარეშე ვაკეთებდით. როდესაც თამაში არ გაქვს და მოწინააღმდეგის კონტრშეტევებსაც იღებ, ყველაფერი შეიძლება გამანდგურებელი გახდეს.
ასეთ თამაშს არ ველოდით, ეს იყო ყველაზე ცუდი თამაში, რაც აქ ვარ და ამაზე უარესად თამაში შეუძლებელია. ახლა თავი უნდა ავწიოთ და ოთხშაბათის მატჩზე უნდა ვიფიქროთ. რონალდუ? ვცდილობდით სივრცეები ბასტონის ზონაში მოგვეძებნა, მაგრამ ამისთვის მომზადებული არ ვიყავით.
ჩვენი ამბიციები იგივე რჩება, რაც აქამდე იყო. ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ არასწორი ნაბიჯი გადავდგით. ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ შეიძლება მოხდეს ისეთი დამოკიდებულება, რაც გვქონდა, „იუვეში“ ამგვარი დამოკიდებულით თამაში არ შეიძლება. ძალიან ნელა ვაკონტროლებდით ბურთს შეტევაში, ისინი სწრაფად ახერხებდნენ გადაწყობას და თამაში ძალიან პროგნოზირებადი გახდა.
პირველ რიგში ყოველთვის მწვრთნელი ცდება, რადგან ის მითითებებს აძლევს. ჩვენ დაცვა კარგად მოვამზადეთ, მაგრამ 15 წუთის შემდეგ ყველაფერი დაიშალა და თამაში ძალიან რთული გახდა“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 33 ქულა აქვს, მეხუთე ადგილზეა და ლიდერებს 7 ქულით ჩამორჩება. ტურინულ გუნდს მომდევნო მატჩი 20 იანვარს, იტალიის სუპერთასზე „ბოლონიასთან“ ელოდება.