ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „სასუოლოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, რთულ თამაშს ელოდება. გარდა ამისა, ანდრეა „იუვეს“ ჩემპიონობის ფავორიტად არ მიიჩნევს.
„რთულ თამაშს ველოდები, რადგან „სასუოლო“ შესანიშნავი გუნდია კარგი მწვრთნელით. როდესაც ბურთი აქვთ კარგად თამაშობენ და მეტოქეზე ზეწოლას ახდენენ. სკუდეტოს ფავორიტები ვართ? ვინც პირველ ადგილზეა, ფავორიტიც ის არის. ჩვენ ზედიზედ 9 წელი ვიგებთ და ძალიან დიდი წნეხი გვაქვს, მაგრამ „მილანი“ ამჯერად ფავორიტია.
დე ლიხტის შემცვლელი? მერიჰმა უფრო მეტი ითამაშა და აქედან გამომდინარე უფრო მზად არის, ვიდრე ჯორჯო. ხვალ მისი ჯერი იქნება. კიელინი კი ჩვენს განკარგულებაშია. კულუშევსკი? კარგად არის, „მილანთან“ თამაშში კარგად ჩაერთო, სხვა დროს ასე არ ყოფილა. ვნახოთ ძირითადში იქნება თუ ისევ შეცვლაზე ითამაშებს.
მორატა ცალკე ვარჯიშობს. ხვალ შევაფასებთ იყოს თუ არა განაცხადში. კიეზა კარგად არის, გამოჯანმრთელდა. ის ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და ბევრი აქვს სასწავლი. სტაბილურად ისე უნდა ითამაშოს. ის დიდი ჩემპიონის პროტოტიპია, მაგრამ ჯერ არაფერი გაუკეთებია. ყველა მატჩი ისე უნდა ითამაშოს, როგორც „მილანთან“, ეს უნდა იყოს საწყისი წერტილი.
ბერნარდესკი? სამწუხაროა, რომ მას აქამდე არ მისცემია შანსი, რადგან სხვა არჩევანი გავაკეთეთ, მაგრამ შესაძლებლობას მიიღებს და ის დაგვეხმარება. მეოთხე თავდამსხმელი? სატრანსფერო ბაზარზე არაფერს ვიტყვი. ჩვენ თავდამსხმელის პრობლემა არ გვაქვს. თუ იქნება შესაძლებლობა, შევაფასებთ.
არტური? მან „ატალანტასთან“ ტრავმა მიიღო და ფორმის აღსადგენად გარკვეული დრო დასჭირდა. ახლა დაიბრუნა კონდიცია და ჩვენთანაა, ყველასთან შეუძლია თამაში. მან იცის ფეხბურთი“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ მატჩი 10 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.