ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ბენევენტოსთან“ (0:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, სკუდეტოს მოგების იმედი ისევ აქვს და ამის გუნდს უნდა სჯეროდეს.
„გუნდზე ზედმეტი ზეწოლა არ ყოფილა, ვალდებულება იყო, რომ იმაზე უკეთ გვეთამაშა, ვიდრე ვითამაშეთ, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია. ეს იყო საშინელი თამაში ყველა ასპექთით, განსხვავებული თამაში გვსირდა, მაგრამ ცუდი დღე გვქონდა დამოკიდებულების მხრივ, გამარჯვების სურვილი არსებობდა, მაგრამ ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. „ბენევენტო“ ორგანიზებული გუნდია, რომელმაც თავის დაცვა იცის. გვჭირდებოდა სიმშვიდე, რომ თამაში რაც შეიძლება გაგვეშალა, ამის ნაცვლად ყველაფერი პირიქით გავაკეთეთ, დავუშვით შეცდომები უპირატესობის დროსაც კი.
სკუდეტოს მოგების უნდა გვჯეროდეს, ეს შედეგი ამას ვერ შეცვლის. ჩვენს გზაზე ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და მიზანი არ იცვლება. ჩვენი აზრი უნდა შეიცვალოს, „იუვეს“ მაისური მნიშვნელოვანია და მისი ტარება პატივისცემას მოითხოვს. დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ვიცოდით, რომ ისეთ გუნდს ვხვდებოდით, რომელიც გვაიძულებდა, კარგად არ გვეთამაშა, ამიტომ, მიდგომა განსხვავებული უნდა ყოფილიყო. კონკრეტული შანსი გვქონდა, რომ სატურნირო ცხრილში ჩამორჩენა შეგვემცირებინა.
არტურმა მისთვის არადამახასიათებელი შეცდომა დაუშვა. სავარაუდოდ, მეტოქე ვერ დაინახა იმ ზონაში, რადგან დაფარული იყო. მაგრამ მეკარისთვის ბურთის მიცემა უფრო ადვილი და სწორი იქნებოდა. ჰორიზონტალური პასი ყოველთვის სარისკოა, მაგრამ ეს ერთ-ერთ შეცდომა იყო ჩვენი თამაშიდან, არა ერთადერთი. მიზანზე ნაკლებად ვიყავით ორიენტირებულნი.
დავუშვით შეცდომები, რომლებიც უნდა გავაანალიზოთ დერბის წინ და „ტორინოსთან“ მატჩისთვის ასე მოვემზადოთ. დრო ორი კვირა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფეხბურთელი ნაკრებში მიდის. ჩემი მუშაობის შეფასება? ჩემს თავს ვერ შევაფასებ, ეს ჟურნალისტების საქმეა და თქვენ ამას ყოველდღიურად აკეთებთ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 55 ქულით მესამე ადგილზეა და ოთხეულიდან ამოვარდნის საფრთხე უფრო რეალურია, ვიდრე სატურნირო ცხრილში პროგრესის მიღწევა, რადგან „ნაპოლი“ უკვე ძალიან ახლოსაა, ხოლო „ატალანტას“ ასევე 55 ქულა აქვს.