ტურინის „იუვენტუსში“ ფედერიკო ბერნარდესკის ფეხის მყარად არ აქვს მოკიდებული და იმასაც ამბობდნენ, რომ გუნდის დატოვება მოუწევდა. თუმცა, ახლა სამქე ასე რადიკალურად არ დგას და იტალიელი კიდევ ერთ შანსს მიიღებს.
Tuttosport-ი წერს, რომ ანდრეა პირლო მას ახალ როლში განიხილავს. კერძოდ, 3-5-2 სქემაში ფლანგზე (როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ შეუძლია ითამაშოს). ვარჯიშებზე ანდრეამ ის ალექს სანდროსა და დანილოს ალტერნატივად უკვე რამდენმერმე გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ „ფიორენტინაში“ პაულო სოუზას მუშაობის დროს ფედერიკოს უთამაშია ამ პოზიციაზე. „იუვენტუსში“ კი მსგავსი პრეცენდტი ერთხელ იყო, 2017-2018 წლების სეზონში სტუმრად „კალიარისთან“. მაშინ „იუვემ“ სარდინიაზე 1:0 მოიგო და გამარჯვების გოლი სწორედ ბერნარდესკიმ გაიტანა.
ტურინულ გაზეთს კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს წარსულიდან – ჯანლუკა ძამბროტა. ისიც თავის დროზე შემტევი ნახევარმცველი იყო, მაგრამ 2002 წელს მარჩელო ლიპიმ დაცვითი ფუნქციების შეთავსებაც დაავალა და ახლა ძამროტა ყველას, როგორც მცველი, ისე ახსოვს…