ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ იტალიის თასის ნახევარფინალში „ინტერთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. 41 წლის სპეციალისტის განცხადებით, მათ თავიანთი ძალა იციან და ასე უნდა გააგრძელონ.
„სერია A-ში „ინტერთან“ თამაში ცარიელი ნაბიჯი იყო, ჩვენ იმ მატჩში არ ვყოფილვართ. იმ მომენტიდან ძალები მოვიკრიბეთ და გამარჯვებებიც მოვიდა. ამჯერად ეს მხოლოდ პირველი რაუნდი იყო, ჯერ არაფერი გაგვიკეთებია, ველოდებით შემდეგ კვირას.
ვიცით, რომ თუ კონცენტრირებულები ვიქნებით და ამგვარი დამოკიდებულება გვექნება, ჩვენთან თამაში ყველასთვის რთული ხდება. ჩვენი ძალა ვიცით და მოედანზე ყოველთვის უნდა ვაჩვენოთ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ სამ დღეში თამაში ადვილი არ არის. თუ ასე გავაგრძელებთ, კარგ შედეგებს მივიღებთ.
რონალდუს შეცვლა? ნორმალურია, რომ როდესაც ასეთ მატჩს თამაშობ, თანაგუნდელების დახმარება გინდა, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ ჩემპიონატზე და შაბათს მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. იმ მომენტში მისი შეცვლა სწორი იყო. მან კარგად იცის, რომ ამ გუნდის ფუნდამენტური წერტილია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში დასვენება საჭიროა. ახლო მომავალში ბევრი მნიშვნელოვანი თამაშია მჭიდრო გრაფიკით და ის ყოველთვის ტოპ ფორმაში უნდა იყოს. ასე უმჯობესია, მას არ სჭირდება თავისი მნიშვნელობის დამტკიცება. რა ვუთხარი? ვუთხარი, რომ შევცვალე, რადგან შაბათს მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და მან ზედიზედ ბევრი მატჩი ჩაატარა. ზოგჯერ მცირედი დასვენება მისთვისაც კარგია.
რაც შეეხება თამაშს, კარგად მოვემზადეთ, ბიჭები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამ ტიპის თამაშს ითამაშებდნენ და ამის შემდეგ ერთი ითამაშებს თუ მეორე ფეხბურთელი, ეს არაფერს ცვლის. ჩვენ ჩემპიონებით სასვე შემადგენლობა გვყაქვს. ბონუჩი ითამაშებს თუ დემირალი, ამან ჩვენზე გავლენა არ უნდა იქონიოს. ანგარიშში ჩამოვრჩით, მაგრამ რეაგირება მოვახერხეთ და ბიჭებს უნდა მივულოცო. მეორე ტაიმში უფრო თავის დაცვა მოგვიწია, მაგრამ ნორმალურია, რომ 90 წუთში ერთ რიტმში ვერ ვითამაშეთ.
ბენტანკური? მან კარგად ითამაშა, გაიხსენეთ, რომ მას ფეხი სტკივა და გახლეჩილი აქვს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს. შაბათს ის დისკვალიფიცირებულია, ცოტათი ენერგიის აღდგენაც შეძლებს და ფეხიც უკეთ გაუხდება.
დიახ, რა თქმა უნდა, „ნაპოლისთან“ სუპერთასზე მოგება ფუნდამენტური იყო. თასის მოგებამ დიდი ძალა მოგვცა. გვესმოდა, რომ ჯერ კიდევ ძლიერები ვართ და ყველა მიზნისთვის შეგვიძლია კონკურენციის გაწევა.
რთული კალენდარი? რთული ციკლი სექტემბერში დაიწყო და ყოველთვის ვთამაშობდით სამ დღეში ერთხელ. ახლა ბევრ ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით და შემდეგ ჩემპიონთა ლიგის თამაშიც გველოდება. თუმცა, ყოველთვის თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ და სეზონის ბოლოს ვნახოთ სად ვიქნებით“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ინტერის“ ტურინში 9 თებერვალს უმასპინძლებს, ხოლო მანამდე შაბათს, „რომას“ დაუპირისპირდება.