ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში პირველი მარცხი განიცადა, მაგრამ ძალზე მტკივნეული და „ფიორენტინასთან“ 0:3 წააგო. მატჩის შემდეგ ანდრეა პირლომ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი შვებულებაში ნაადრევად გავიდა.
„ის რაც შუადღისას მოხდა, ალიბი არ უნდა იყოს („ნაპოლის“ აპელაციის დაკმაყოფილება – ავტ). პირველივე წუთიდან არასწორი დამოკიდებულება გვქონდა. როდესაც ასეთი გონებით გადიხარ მოედანზე, ცუდი რაღაცები ხდება. ალბათ უკვე შვებულებაზე ვფიქრობდით, რბილად დავიწყეთ თამაში. როდესაც 10 კაცით დავრჩით, ყველაფერი გართულდა. გაძევება სწორი იყო, მაგრამ იყო რამდენიმე ეპიზოდი, რომლის განსჯა ჩვენს სასარგებლოდ შეიძლებოდა, მაგრამ მირჩევნია მსაჯობაზე კომენტარი არ გავაკეთო. არ ვფიქრობ, რომ მსგავსი წაგების შემდეგ ტექნიკურ ან ტაქტიკურ დეტალებზე უნდა ვისაუბრო. ჩვენ შეგვეძლო თამაშსი დარჩენა. 50-ე წუთზე ისინი 10 კაცით რომ დარჩენილიყვნენ და ჩვენთვის პენალტი დაენიშნათ, რაც შესაძლებელი იყო, თამაში შეიცვლებოდა.
ახლა ჩვენ შვებულებაში უნდა გავიდეთ რამდენიმე დღით, რომ ძალები აღვდიგინოთ, გადავხედოთ ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს, გავაგრძელოთ ჩვენი აშენებული პროექტი. იყო ზოგადი სისუსტე, მატჩის ბოლო წუთამდე განსაკუთრებული სირთულეები არ გვქონდა, ზოგჯერ ეპიზოდები გავლენას ახდენენ მატჩზე.
ჩვენ მილანელების უკან ვართ და ვეცდებით მათ დაწევას. ვფიქრობ, რომ ზამთარში ყველა გუნდი შეეცდება გაძლიერებას, შევაფასებთ სიტუაციას, რომელ რგოლში ჯობია გაძლიერება და რომელში არა. გადაწყვეტილებას მშვიდად მივიღებთ. ჩვენ ვისაუბრეთ სატრანსფერო გეგმებზე და ისევ დავილაპარაკებთ.
ბონუჩის თამაში? ცუდი თამაში ყველას აქვს, აქამდე მას შესანიშნავი თამაშები ჰქონდა. ეს შეიძლება ყველას დაემართოს, მაგრამ ის არის ჩვენი კაპიტანი და მისი დიდი რწმენა გვაქვს.
„ნაპოლის“ აპელაცია? თამაშის პრობლემა არ გვაქვს. სამწუხაროა, რომ სხვა გუნდებმა, რომლებმაც კორონავირუსის მქონე ფეხბურთელების დანაკლისის მიუხედავად ითამაშეს და ქულებიც დაკარგეს, მაგრამ არაფერი უთქვამთ. მათ გამო უფრო ვწუხვარ, ვიდრე ჩვენს გამო. ეს არაკორექტული გადაწყვეტილებაა იმ გუნდების წინაშე, რომლებმაც კოვიდინფიცირებულების მიუხედავად ითამაშეს“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 2020 წელი დაასრულა და მომდევნო მატჩს 3 იანვარს, „უდინეზესთან“ გამართავს.