ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ პაულო დიბალას შესახებ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი, მაგრამ კონკრეტული ისევ არაფერი განაცხადა და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ანდრეა ანიელიმ მის შესახებ ყველაფერი გასაგებად თქვა.
„დიბალა? პრეზიდენტმა მკაფიოდ ისაუბრა მის შესახებ. ყოველდღე, მთელი წლის განმავლობაში მიჩვეული ვართ სატრანსფერო ჭორებს. სატრანსფერო ბაზრის პერიოდში უფრო მეტად, ისე ნაკლებად, მაგრამ ამ სპეკულაციებს შეჩვეულები ვართ.
დიბალას ტრავმა სერიოზული არ არის, დაღლილობაა, რომლის გამოც „პარმასთან“ ვერ ითამაშა.
შარშანდელ სეზონთან შედარებით ახლა 8 ქულით ნაკლები გვაქვს? ქულები სეზონის ბოლოს დაითვლება, ჩვენ კმაყოფილები ვართ და გუნდის ზრდა თამაშიდან თამაშამდე ეტყობა. ყოველ თამაშში გაუმჯობესება ხდება. „ატალანტასთანაც“ შესანიშნავად ვითამაშეთ და დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ.
ტრანსფერები? ვფიქრობთ, რომ ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს, მშვიდად ვართ და წინ მივდივართ. ვცდილობთ კვირიდან კვირამდე გავუმჯობესდეთ“, – თქვა პარატიჩიმ.