იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა კრისტიან პანუჩიმ განაცხადა, რომ ერთადერთი მწვრთნელი, რომელთანაც პრობლემები ჰქონდა, მარჩელო ლიპი იყო. ეს კი, ძალიან ძვირად დაუჯდა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარეშე დარჩა.
„ცუდი თვისებები არ მქონია, ბევრს ავიწყდება, რომ 20 ტიტული მოვიგე, 18 წლის ასაკში დიდ „მილანში“ ვთამაშობდი, 23 წლის ასაკში „რეალში“, შემდეგ „ჩელსიში“, „რომაში“. ფაბიო კაპელოს ყოველთვის უნდოდა გუნდში ვყოლოდი, ერთადერთი მწვრთნელი, ვისთანაც პრობლემები მქონდა, მარჩელო ლიპი იყო. მის წინააღმდეგ ერთხელ პროტესტი გამოვთქვი და ამის გამო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დავკარგე. ვაღიარებ, რომ მაშინ „ინტერში“ არასწორად მოვიქეცი, მაგრამ ლიპისაც ჰქონდა გუნდის მართვის განსხვავებული სტილი. მას პრობლემები სხვა მოთამაშეებთანაც ჰქონდა, არამხოლოდ ჩემთან“, – განაცხადა პანუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ პანუჩი და ლიპი 1999-2000 წლების სეზონში ერთად „ინტერში“ იყვნენ და მათი ურთიერთობაც „ნერაძურიში“ ყოფნის დროს გაფუჭდა. იტალიელ მცველს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი 2005-2006 წლებში ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად ლიპის 2004-2006 წლებში, როდესაც „სკუადრა აძურას“ მესაჭე იყო, პანუჩი ნაკრებში ერთხელაც არ გამოუძახებია და შესაბამისად არც მუნდიალზე წაიყვანა, სადაც იტალია ჩემპიონი გახდა.
ლიპიმ მაშინ პანუჩის მარჯვენა მცველის პოზიციაზე კრისტიან ძაკარდო და მასიმო ოდო ამჯობინა. ძაკარდოს პრობლემებიდან გამომდინარე მარჩელოს მესამე ტურში ჩეხეთთან მარცხენა ფლანგიდან მარჯვნივ ჯანლუკა ძამბროტას დაყენება მოუხდა და მარცხენა ფლანგი ფაბიო გროსომ ჩაიბარა. საბოლოოდ, ძამბროტამ და გროსომ ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშეს. რაც შეეხება პანუჩის, მან ევრო 2004-ზე და ევრო 2008-ზე, ასევე 2002 წლის მუნდიალზე ითამაშა. იტალიის ნაკრებში მის აქტივში 57 თამაში და 4 გოლია.
აქვე გეტყვით, რომ პანუჩის გადაბირება 2004 წლის ზაფხულში “იუვენტუსში” ფაბიო კაპელოს სურდა, რომელიც მასთან ერთად მანამდე “მილანში”, “რეალში” და “რომაში” მუშაობდა.