ტურინის „იუვენტუსმა“ ალვარო მორატას გუშინ კონტრაქტი გაუფრომა და ესპანელი ტურინში 1-წლიანი იჯარით ითამაშებს. „ბებერი ქალბატონის“ ტელევიზიასთან 27 წლის ესპანელმა დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარიც გააკეთა,
„აქ დაბრუნება ჩემთვის მშვენიერი გრძნობაა. ყოველთვის ვიყავი „იუვესთან“ დაკავშირებული, ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები, რომ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს.
აქ გატარებული ჩემი პირველი პერიოდი ძალიან კარგი იყო, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი ფეხბურთელი ვარ, ბევრ ასპექტში გავიზარდე და მჯერა, რომ კიდევ ერთხელ ლამაზ გზას გავივლი. ყოველთვის მზად ვიქნები „იუვესთვის“, იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ ეს დიდი კლუბი და შესანიშნავი გუნდია, ეს ოჯახია. როდესაც რომელიმე ადგილი სახლად მიგაჩნია, ყოველთვის გინდა, რომ დაბრუნდე.
სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო ყველაფერი განსხვავებულია, იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება. მშვენიერი იყო იმის ნახვა, როგორ დამხვდნენ ფანები და მათთვის ვალის დაბრუნება მოედნიდან მომიწევს, ვფიქრობ, რომ შევძლებ.
„იუვენტუსში“ გატარებული პერიოდი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, იმ გუნდში არამხოლოდ ანდრეა, არამედ ბევრი ჩემპიონი თამაშობდა. სეზონის პირველი თამაში ვნახე და ვფიქრობ, პირლოს ხელი გუნდს ძალიან ეტყობა. ერთი სული მაქვს, რომ მის განკარგულებაში ვიყო. კონტაქტი მქონდა თითქმის ყველასთან, ვინც ჩემი თანაგუნდელი იყო და კარგი ურთიერთობა გვქონდა არამხოლოდ ფეხბურთის, არამედ ცხოვრებისეული კუთხით. ისინი ჩემი ნამდვილი მეგობრები არიან და ბედნიერი ვარ.
ბევრი რამ მენატრებოდ ააქ არყოფნის პერიოდში, მაგრამ პირველ რიგში ხალხი და ატმოსფერო, რომელიც აქ არის. „იუვე“ განსხვავებულია, მენატრებოდა, ბევრგან ვყოფილვარ და კარგად მექცეოდნენ, მაგრამ აქ სხვა რამეა.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ მაისურის ტარება კვლავ მომიწევს. არ ვიცი რამდენ გოლს გავიტან, მაგრამ ბევრი შრომის პირობას ვდებ. მინდა გუნდს დავეხმარო, რადგან გამარჯვება უნდა გავაგრძელოთ“, – თქვა მორატამ.
შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატა „იუვენტუსში“ 2014-2016 წლებში თამაშობდა და 93 მატჩში 27 გოლის გატანა და 16 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.