ლუჩანომ მოჯიმ მაურიციო სარი გააკრიტიკა, რომ „ნაპოლისთან“ სამი თავდამსხმელით ითამაშა. მისი აზრით, ეს სქემა პაულო დიბალას თვისებებს ეწინააღმდეგება და ამხინჯებს მის შესაძლებლობებს.
„აშკარაა, რომ სუპერთასზე მარცხი სარისთვის საკმარისი არ გამოდგა და ნეაპოლში კიდევ ერთხელ სცადა შემტევი სამეულით თამაში. ვერ შეაფასა გატუზოს გუნდიც. უცნაურია, რომ ეს სქემა გამოიყენა სტუმრად „ნაპოლისთან“ და არ გამოიყენა სახლში „კალიარისთან“ და „პარმასთან“, რომლებიც ამისთვის ბევრად უფრო ხელმისაწვდომი მეტოქეები არიან, ვიდრე „ნაპოლი“ და „ლაციო“.
ამ სამეულით თამაშში დიბალას თვისებები მახინჯდება, რომელიც ახლა ყველაზე კარგ ფორმაშია „იუვეში“. სამეულით ვიწროვდება მანევრირების ადგილები და თამაში არ არის გაშლილი, რადგან სივრცეები გამოუყენებელი რჩება“, – თქვა მოჯიმ.