2002 წლის 5 მაისს „ინტერის“ დამარცხებით „იუვენტუსს“ ჩემპიონობაში რომის „ლაციო“ დაეხმარა. თუმცა, 18 წლის წინ „სტადიო ოლიმპიკოზე“ უცნაური გარემო იყო, რომაელი ტიფოზებიც კი „ინტერის“ შარფებით იყვნენ და საკუთარ გუნდს წაგებას სთხოვდნენ.
„ლაციოს“ გულშემატკივრებს იმ დღეს საყვარელი გუნდის 4 გოლი არ უზეიმიათ, მაგრამ ზეიმი იყო „ნერაძურის“ ორ გოლზე. თამაშის ერთ-ერთი გმირი კარელ პობორჟსკი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. ჩეხი იმ დღეს „ლაციოში“ ბოლო თამაშს ატარებდა და ფანები ძალიან გააბრაზა.
სწორედ ამიტომ, პობორჟსკის რომიდან გაქცევა მოუწია, რაც გუშინ ინსტაგრამ ლაივის დროს „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარკ იულიანომ დაადასტურა.
„ნედვედმა პობორჟსკის მადლობის გადასახდელად დაურეკა, ისინი ძალიან კარგი მეგობრები არიან. პაველს უთხრა, რომ სახლიდან არც კი გასულა, მანქანა დატვირთა და ჩეხეთში გაიქცა. პობორჟსკი იმ მატჩის შემდეგ სამშობლოში გაიქცა და რომში აღარ დაბრუნებულა, რადგან კონტრაქტი დაუსრულდა.
მან იცოდა, რომ გუნდს ტოვებდა, მაგრამ შორს იყო იმ იდეოლოგიისგან, რომლითაც „ლაციოს“ ქომაგები საკუთარ გუნდს თამაშის წაგებას სთხოვდნენ“, – თქვა იულიანომ.
ვეტერან იტალიელ მცველს „იუვეს“ ყოფილი გენერალური დირექტორი ლუჩანო მოჯიც დაეთანხმა და მოკლედ თქვა:
„პობორჟსკის ეშინოდა და ამიტომ თავი შეინიღბა“, – დასძინა მოჯიმ.