ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 25-ე ტურში „სპეციას“ უმასპინძლა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. ანდრეა პირლოს გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ გახურებისას გართულდა, რადგან მატიას დე ლიხტმა ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშა. ის ლაზარეთს შუერთდა, მაგრამ ჯერ უცნობია რამდენად სერიოზულია დაზიანება.
„იუვემ“ კი „სპეციასთან“ მთლიანობაში ადვილად მოიგო, მაგრამ 1 საათის განმავლობაში ძალიან გაუჭირდა. ამ პერიოდში ტურინელებმა მხოლოდ ერთი საგოლე მომენტი შექმნეს, როდესაც კრიშტიანუ რონალდუს დარტყმა ძელს მოხვდა. თამაშში გარდატეხა ცვლილებაზე შესულმა ფეხბურთელებმა შეიტანეს.
61-ე წუთზე ანდრეა პირლომ ალვარო მორატა და ფედერიკო ბერნარდესკი შეუშვა მიდორზე და 60 წამში სწორედ მათი აქტიურობის შედეგად ანგარიში გაიხსნა. ბერნარდესკის პასით მორატამ გაიტანა. გოლი თავიდან არ ჩაითვალა, მაგრამ ვიდეორეფერიმ გადაამოწმა და ბერნარდესკი თამაშგარეში არ იყო.
ზოგადად ფედერიკო უჩვეულოდ კარგად გამოუყურებოდა. მისგან ასეთ თამაშს ბოლო დროს გადაეჩვია გულშემატკივარი, მაგრამ „სპეციასთან“ სწორედ მისმა აქტიურობამ იქონია მთავარი გავლენა. 10 წუთში ბერნადესკიმ კიდევ ერთხელ ითამაშა შესანიშნავად და ამჯერად პასი ფედერიკო კიეზას გაუკეთა, რომელმაც ახლო მანძილიდან მეკარეს ვერ აჯობა, მაგრამ მანვე დაამატა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
უგოლოდ თამაში არც კრიშტიანუ რონალდუს დაუსრულებია, რომელმაც 89-ე წუთზე შეხვედრას წერტილი დაუსვა. სხვათა შორის, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ვოიცეხ შჩესნიმ პენალტიც მოიგერია და კარი მშრალად შეინახა.
„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 49 ქულა დააგროვა და მომდევნო შეხვედრას შაბათს, რომის „ლაციოსთან“ გამართავს.
„იუვენტუსი“ – „სპეცია“ 3:0 (0:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, დემირალი, ალექს სანდრო, ფრაბოტა (ბერნარდესკი 61); კიეზა (რემზი 72), ბენტანკური, რაბიო, მაკკენი (მორატა 61), კულუშევსკი (დი პარდო 86), რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
„სპეცია“ (4-3-3): პროვედელი; ვინიალი, ტერცი, ერლიჩი, მარკიცა (ბასტონი 86); ესტევესი, სენა (აგუმე 86), მაჯორე (აკამპორა 72); გიასი, ნზოლა (გალაბინოვი 72), დიეგო ფარიასი (ვერდე 73)
მწვრთნელი: ვინჩენცო იტალიანო
გოლები: 1:0 მორატა (62), 2:0 კიეზა (71), 3:0 რონალდუ (89)
გაფრთხილება: ფრაბოტა (10), დემირალი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (9) – 10 (2) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 5:10 თამაშგარე: 4:2
მსაჯი: ჯანლუკასაკი