ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ იტალიის თასის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ხუთი დღის განმავლობაში ფიზიკური მდგომარეობა არ იცვლება. კონკრეტულ მომენტში ყველა მატჩი განსაკუთრებული და ძალიან რთულია. მინახავს „ნაპოლი“, რომელიც მეტოქეების აყვანას ცდილობდა და შემდეგ მათ ელოდებოდა. მის წინააღმდეგ თამაში რთულია. „ნაპოლიმ“ ჩვენ დაგვამარცხა, შემდეგ „ინტერი“ და „ბარსელონასთან“ ფრე ითამაშა.
შეტევაში ბიჭებს მოედანზე სრული თავისუფლება აქვთ მინიჭებული. ვცდილობთ დიბალა ცრუ ცხრიანზე გამოვიყენოთ, რონალდუმ „მილანთან“ მატჩი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ მოუკლო, ისევე როგორც მთელმა გუნდმა. თუმცა, ამ პერიოდში ეს ნორმალურია.
როდესაც ამბობენ, რომ იტალიაში ტიტული არ მომიგია, მაკვირვებს. სხვადასხვა ლიგებიდან 8 გუნდი დავაწინაურე, როდესაც სხვებს ეს ერთხელაც არ გაუკეთებიათ. ჟურნალისტები ჩემპიონთა ლიგაზე ლაპარაკს შეჩვეულნი არიან, მაგრამ დაბალ ლიგაში წარმატების მიღწევა ძალიან რთულია. ცხადია, ყველა ჩვენგანს აქვს სურვილი მნიშვნელოვანი ტიტულები მოვიგოთ, გულშემატკივრებისთვის.
ჩვენ ფინალში ვართ და ახლა კონცენტრაცია მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა მოვახდინოთ. დროა გავითვალისწინოთ ყველაფერი, რაც გვაქვს. „იუვენტუსის“ მწვრთნელის პოსტზე პირველი სეზონის მიხედვით საუკეთესო შედეგები მაქვს 50 წლის განმავლობაში, თუმცა ეს არავის ახსოვს.
ვნახოთ ითამაშებს თუ არა გონსალო. ვფიქრობ, რომ არა, გუშინაც კი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. ჩვენ ველოდებით ექიმების განაჩენს, მაგრამ მგონია, რომ კარგი სიახლე არ იქნება. რემზი დაგვიბრუნდა, მაგრამ გუშინ მხოლოდ პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად. ვნახოთ ითამაშებს თუ არა მცირე დროით მაინც, ეს დამოკიდებულია მასზე და მედიკოსებზე“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა 17 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.