ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ბოლონიასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხებზე ვრცლად ისაუბრა.
„ტიტულის დაკარგვა ყოველთვის მძიმეა, რადგან ტკივილს ტოვებს. თუმცა, სიტუაცია ასეთია, უნდა გადავფურცლოთ ეს გვერდი და ვიფიქრობთ შემდეგ მატჩებზე და მიზნებზე. ბიჭებს ვუთხარი, რომ არაფერი არ იმოქმედონ, რადგან აზრი არ აქვს საკუთარ თავზე გაბრაზებას იმაზე, რასაც არ ეშველება. სამწუხაროდ, ჩვენ მომზადების პროცესში ვართ, რომელსაც თან სდევს ყველა სირთულე და ვიმედოვნებთ, რომ 10 დღეში გავიუმჯობესებთ ფიზიკურ კონდიციას, რომ ოპტიმალურ ფორმაში შევიდეთ.
ნათელია, რომ 60-დღიანი უქმობის შემდეგ ფიზიკური მომზადების ახალი გეგმა უნდა შეიქმნას. ასეთ დროს შებოჭილობის პრობლემაც წარმოიქნება, რადგან 25 დღეა მძიმე მუშაობა გვიწევს. ეს არ არის ნორმალური მომზადების პროცესი, არავინ ვიცოდით რა უნდა გვექნა, რადგან მსგავს სიტუაციაში აქამდე არასდროს ვყოფილვართ. თამაში დაუყოვნებლივ დავიწყეთ, ამხანაგური მატჩების გარეშე, ეს გარდამავალი ეტაპია.
გოლის გარეშე? ეს გადამწყვეტი ფაზის პრობლემაა, ვახერხებთ კარგი პასების შესრულებას, მაგრამ შემდეგ ხიფათს ვერ ვქმნით. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ზოგადად ამ სიტუაციის ნაწილია. არმგონია, რომ გუნდს გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეს გოლის პრობლემა, იმის გათვალისწინებით, როგორი ფეხბურთელები გვყავს.
რონალდუსთან ვისაუბრე „მილანთან“ მატჩამდე, „ნაპოლისთან“ მატჩამდე და გუშინაც. ის არის ბიჭი, რომელმაც უამრავი გოლი გაიტანა ფლანგის პოზიციიდან და ბუნებრივია, რომ იქ თამაში ურჩევნია. იტალიის თასის ფინალამდე სამივე შემტევს ვესაუბრე და მათ გადაწყვიტეს, რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაში დიბალას დაეწყო. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ნორმალურობის ნაწილია. ველაპარაკე კრიშტიანუს, საკუთარი თავის რწმენა არ უნდა დაკარგოს, რადგან ვიმედოვნებ, რომ ერთ კვირაში ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება. ფიზიკური პრობლემაა, მზად არაა, მაგრამ გადალახვადია.
ყველა თამაშში არის ხარვეზები, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, რადგან ყველაფერზე პასუხი არ გვაქვს. დელიკატური და რთული მომენტია. „ბოლონია“ კარგი გუნდია, კონტრშეტევებზე სახიფათო, ამიტომ გონივრულად უნდა ვითამაშოთ.
„ლაციო“ და „ინტერი“ ბოლომდე იბრძოლებენ. განსაკუთებით საწყისი 3-4 თამაში მაინტერესებს, რომ ვნახო როგორ ფორმაში არიან.
პიანიჩთან ჩხუბის ამბავი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხუმრობაა. მასთან ბევრს ვლაპარაკობ, ერთ-ერთია, რომელთანაც ყველაზე მეტი კონტაქტი მაქვს, ერთ-ერთია, რომელთანაც საუკეთესო ურთიერთობა მაქვს. არ მესმის ეს ხმები საიდან მოვიდა. ბოლო ორი თამაში, ისევე როგორც მთელმა გუნდმა ჩააგდო, მაგრამ ეს ნორმალურია ამ პერიოდში. ხვალინდელი მატჩისთვის კი ვნახავთ როგორ იქნება ფიზიკურად და გადავწყვეტთ ითამაშებს თუ არა ძირითადში, ბევრი ვარიანტი არ გვაქვს.
ალექს სანდრო დაშავდა, მაგრამ ის ძლიერი ბიჭია და საბედნიეროდ ტრავმა ძალიან სერიოზული არაა. ჩვენ მხოლოდ მემარჯვენე ფეხბურთელები დაგვრჩა, მაგრამ დე შილიოს და დანილოს ძალიან კარგად შეუძლია მარცხნივ თამაში. ამ თვალსაზრისით დიდი პრობლემები არ გვაქვს.
ჩვენ ხშირად ჩავატარეთ კარგი თამაშები. პაუზის შემდეგ „მილანთან“ საწყისი 30 წუთიც კარგი იყო. თუ შევძლებთ ამ ნუმერაციის გაზრდას, გადავჭრით სხვადასხვა პრობლემებსაც, მათ შორის, გოლის გატანის პრობლემას. არ უნდა დაგვავიწყეს ის მომენტი, რომელშიც ვცხოვრობთ. ასევე მინდა უფრო მყარი შესრულება მენტალური კუთხით, თუნდაც ფიზიკური კონდიცია მაქსიმალური არ იყოს“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბოლონიასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 22 ივნისს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.