ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ინტერთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი მისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.
„მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ ბევრი თამაშია. გზა ჯერ კიდევ გრძელია, მაგრამ დღეს საღამოს თამაშის კარგი ხარისხი ვნახეთ. მანამდე ჩვენს ბოლო თამაშში ენერგია გვაკლდა და ვინერვიულეთ. ამ თვალსაზრისითაც ეს ხარისხი მნიშვნელოვანი იყო.
მეტოქე პირველ ტაიმში ძალიან მაღლა გვეთამაშებოდა. ჩვენ კი შესვენების შემდეგ მოვუმატეთ და გოლმა თამაში ინერციით შეცვალა. ძალიან კმაყოფილი ვარ, იმითაც, რომ დაცვაში ცოტა შანსი მივეცით ისეთსახიფათო გუნდს, როგორიც „ინტერია“.
კუადრადოს წინ თამაშის შემთხვევაში დაცვაში არჩევანის გარეშე ვრჩებით. ამიტომაც გადავწყვიტე შეტევაში ამ პოზიციაზე დუგლას კოშტას ეთამაშა. გარდა ამისა, ვიცოდით, რომ დიბალა დამატებითი იარაღი იქნებოდა, რადგან როდესაც პაულო თამაშის მონაკვეთში ერთვება, გამანადგურებელია. იგუაინი? მან ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა კარიდან მოშორებით და ბევრი მსხვერპლი გაიღო“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 63 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში კვლავ გალიდერდა.