ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-13 ტურში სტუმრად „პარმას“დაუპირისპირდა და ალბათ, სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა. ყოველშემთხვევაში,ეს იყო მატჩი, რომელშიც 3 ქულა ყველაზე ადვილად მოიპოვა.
„პარმა“ მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე არ ატარებს, მაგრამ განვლილ ტურებში მილანში, „ინტერთან“ და „მილანთან“ არ წააგო. ამიტომაც, ანდრეა პირლოს გუნდს სიფრთხილე და მაქსიმალური კონცენტრაცია მართებდა.
„იუვე“ დეიან კულუშევსკიმ 23-ე წუთზე დააწინაურა. შვედმა ალექს სანდროს პასით იხეირა და ყოფილი გუნდი დაამწუხრა. 3 წუთში „იუვემ“ უპირატესობა გაზარდა. ალვარო მორატას ჩაწოდებით კრიშტიანუ რონალდუმ თავით გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში რონალდუმ უკვე ფეხითაც დალაშქრა მეტოქის კარი და დუბლი შეასრულა. წერილი ალვარო მორატამ დასვა, რომელმაც 86-ე წუთზე დააფიქსირა საბოლოო ანგარიში 0:4.
„იუვეს“ სხვა საგოლე შანსებიც ჰქონდა, მატიას დე ლიხტს კი გოლი არ ჩაუთვალეს. უსაქმოდ არც ჯანლუიჯი ბუფონი ყოფილა 3-4 ეპიზოდში მან საკუთარი გუნდი გადაარჩინა. რონალდუმ 2020 წელს სერია A-ში 32 გოლი გაიტანა და ერთ წელიწადში მასზე მეტი მხოლოდ ფელიჩე ბორელს (41 გოლი 1933 წელს), გუნარ ნორდალს (36 გოლი 1950 წელს) და ომარ სივორის (33 გოლი 1961 წელს) გაუტანიათ. რონალდუმ ყველა დროის ბომბარდირებში პელეს გადაასწრო. ბრაზილიელმა პროფესიონალურ კარიერაში 757 გოლი გაიტანა, კრიშტიანუს ანგარიშზე 758 გოლია.
„იუვენტუსმა“ 27 ქულა დააგროვა და ისევ მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო და 2020 წელს ბოლო მატჩს 22 დეკემბერს, ტურინში, „ფიორენტინასთან“ გამართავს.
„პარმა“ – „იუვენტუსი“ 0:4 (0:2)
პარმა, „ენიო ტარდინი“
„პარმა“ (4-3-1-2): სეპე; იაკოპონი (ბუსი 60), ოსორიო, ბრუნო ალვეში, გალიოლო; ერნანი, სომი, კურტიჩი (ბრუგმანი 85); კუცკა (სიპრიენი 60); ჟერვინიო (კუცკა 46), კორნელიუსი (ინგლეზე 61)
მწვრთნელი: ფაბიო ლივერანი
„იუვენტუსი“ (4-4-2): ბუფონი; დანილო, დე ლიხტი, ბონუჩი (კუადრადო 76), ალექს სანდრო; მაკკენი (პორტანოვა 76), ბენტანკური, რემზი (ბერნარდესკი 68); მორატა, რონალდუ (კიეზა 82)
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლები: 0:1 კულუშევსკი (23), 0:2 რონალდუ (26), 0:3 რონალდუ (48), 0:4 მორატა (86)
გაფრთხილება: დანილო (40)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 14 (7) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 4:9 თამაშგარე: 4:3
მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე