ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ Gazzetta Dello Sport-თან საუბარში „იუვეს“ კრიზისზე ილაპარაკა. მისი თქმით, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, ეს კრახი იქნება.
თუმცა, მარკიზიო ფიქრობს, რომ ანდრეა პირლოსთვის შანსის კიდევ მიცემა სწორი გადაწყვეტილება იქნება და „იუვენტუსის“ დაცემა ჯერ კიდევ 2 წლის წინ, მასიმილიანო ალეგრის ბოლო სეზონში დაიწყო.
„ჩემი აზრით, „იუვემ“ სკუდეტოს მოგების შანსი დაკარგა და „ბენევენტოსთან“ წაგების გარეშეც გაუჭირდებოდა ბრძოლა. „ინტერის“ გასახდელში შესანიშნავი ატმოსფეროა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდი გოლებს ხშირად უშვებს. „იუვე“ მხოლოდ იმ მატჩებში დომინირებს, რომელშიც ანგარიშის გახსნას ახერხებს, სხვანაირად ძალიან უჭირს. პირლოს გუნდ სტაბილურობა არ აქვს.
„იუვეში“ ვეტერანებსა და ახალწვეულებს შორის კავშირი არ ჩანს, კიეზასა და მაკკენის გარდა, სხვები არასტაბილურები არიან. ვფქრობ, გუნდში მხოლოდ ისინი უნდა დარჩენ, ვისაც ბრძოლის და გამარჯვების სურვილი ექნება. თუმცა, ახლა გუნდს ერთიანობა სჭირდება, რომ მესამე ადგილი შეინარჩუნოს და წინ რამდენიმე მატჩი ელოდება უშუალო კონკურენტთან.
„იუვეს“ დაცემა ალეგრის ბოლო სეზონიდან დაიწყო. ამ სეზონში წინა ორ სეზონთან განსხვავება ის არის, რომ სკუდეტოს ვერ იგებს, თორემ დანარჩენი ყველაფერი იდენტურია, ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ორჯერ მერვედფინალს ვერ გასცდა. თუმცა, ანდრეასთან მუშაობის გაგრძელება სწორია. „იუვე“ მანამდეც იყო დაცემის ზღვარზე თამაშით და ხარისხით. გუნდში არიან ძლიერი მოთამაშეები, რომელთაც აქვთ გამოცდილება, მაგრამ „იუვეს“ თავისი სულიკვეთების დაბრუნება სჭირდება.
სეზონი მთლიანად ჩავარდნილი და კრახი იქნება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა. ეკონომიკური თვალსაზრისით და იმიტომ, რომ „იუვე“ ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს. მაგრამ, როგორც გულშემატკივარი ვიტყვი: მოდით, შევხედოთ რა გააკეთა გუნდმა 9 წლის განმავლობაში. გამარჯვება არასდროს მოდის ადვილად, სხვებისთვს კი ნორმალურია ისეთი სეზონის ჩატარება, როგორიც წელს „იუვეს“ აქვს.
ბუფონი? თუ ის კარგად არის, სხეული მოთხოვნებს პასუხობს, კარიერის გაგრძელება სწორი იქნება“, – თქვა მარკიზიომ.