ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა Sky Sport-თან ისაუბრა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი მსოფლიოში დღეს შექმნილ ვითარებას შეეხო, გარდა ამისა, იტალიის 2006 წლის ნაკრები გაიხსენა.
ბოლოსკენ ლიპიმ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომელთა ყიდვა „იუვენტუსში“ მისი ინიციატივით მოხდა.
„ეს სიტუაცია ძალიან გაგრძელდა და ახლა ეკონომიკური სირთულეების მომენტიც დადგა, განსაკუთრებით გარკვეული კატეგორიის ხალხისთვის. ჩინეთში ვირუსი დაამარცხეს, მათ შორის უჰანში, სადაც უკვე გაიხსნა მთელი ტერიტორია. დღეს არ არსებობს ფეხბურთის სათამაშო პირობები და ვფიქრობ, რომ არც ერთ თვეში იქნება. მაგრამ, როდესაც ამ დიდ საფრთხეს თავიდან ავიცილებთ, სეზონი აუცილებლად უნდა განახლდეს, თუნდაც უმაყურებლოდ. არაა ლამაზი მაყურებლის გარშე თამაში, მაგრამ ტელევიზორშიც მაინც მოგვეცემა ამის საშუალება. წინააღმდეგი ვარ ტიტულის ან სხვა პოზიციების სეზონის დაუსრულებლად გადაცემის, ჩემპიონატი მოედანზე უნდა დასრულდეს.
2006 წელს, საფრანგეთთან ფინალამდე ჩემს გუნდში დიდი თვადაჯერება დავინახე. ყველანი ვფიქრობდით, რომ ჩვენი ჯერი იყო 1998 და 2000 წელს ფრანგებთან მარცხის შემდეგ. წინა ექვსი მატჩიდან დიდი გამბედაობა შეიქმნა და ფეხბურთელები მოედანზე გასვლას მოუთმენლად ელოდნენ, რომ გაემარჯვათ. გარდა ამისა, გვახსოვდა, რომ გერმანიასთან მატჩის შემდეგ ავტობუსთან 15 ათასი ქომაგი დაგვხვდა გამარჯვების საზეიმოდ.
იტალიაში მწვრთნელად დაბრუნება? არა, მე უკვე ვთქვი, რომ საკლუბო დონეზე მუშაობას არ ვაპირებ. შეიძლება რამდენმე თვეში რომელიმე ნაკრები ჩავიბარო, როდესაც გავაცნობიერებ, რომ სახლში დარჩენა არ მინდა. კარგი იქნება თუ ეს იტალიიდან ძალიან შორს არ იქნება.
პირველი ფეხბურთელი, რომლის ყიდვა ძალიან მინდოდა, პაოლო მონტერო იყო. მე მას „ატალანტაში“ ვწვრთნიდი და ორი წლის შემდეგ მოჯის, ჯირაუდოსა და ბეტეგას ვუთხარი: „მე მონტერო მინდა“. მათ მითხრეს, რომ დამერეკა მონტეროსთვის და ასეც მოვიქეცი, მან კი მითხრა, რომ „ინტერში“ მიდიოდა, მე ვუპასუხე: „სად მიდიხარ? არ წახვიდე „ინტერში“, ჩაჯექი მანქანაში და ტურინში ჩამოდი“. ისიც ასე მოიქცა და ტურინში ჩამოვიდა. კიდევ ერთი ფეხბურთელი,რ ომელიც ძალიან მინდოდა, ნედვედი იყო. გარდა ამისა, „პარმასთან“ ბუფონისა და ტურამის ტრანსფერებში მეც ვიყავი ჩრთული, პარმაშიც კი ჩავედი მოსალაპარაკებლად. ასევე, კამორანეზი, მისი დამატებაც ძალიან მინდოდა, რადგან როდესაც „ვერონასთან“ ვითამაშეთ, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ბევრი ფეხბურთელი იყო, რომელთა „იუვეში“ ხილვა ძალიან მინდოდა“, – თქვა ლიპიმ.