იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ ევრო 2020-სთვის შემადგენლობა თითქმის შერჩეული ჰქონდა. თუმცა, თუ 2021 წლისთვის გადაიდება, მისი გუნდი მაინც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
„ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელ ფეხბურთელთა სიაზე თითქმის ჩამოყალიბებული და დარწმუნებული ვიყავი, ისინი მზად იყვნენ. მხოლოდ რამდენიმე საეჭვო პოზიცია მქონდა. თუ ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიწევს, სიაში ალბათ ცვლილებები მოხდება… კიელინის ერთი წლით მეტი გამოცდილება ექნება…
ძანიოლო? მე არ ვაიძულებ, რომ მოედანს უმოკლეს ხანში დაუბრუნდეს, ითამაშებს მაშინ, როდესაც მზად იქნება.
ახლა ფეხბურთელები სახლში უნდა დარჩნენ, ისევე, როგორც ყველა. ისინი პროფესიონალები არიან და იციან რა უნდა გააკეთონ. ველოდებით სამშაბათს, რომ გავიგოთ უეფა გადადებს თუ არა ევროპის ჩემპიონატს. უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს.
ევროპის ჩემპიონატის მოგება ერთი წლის შემდეგაც შეგვიძლია. მთავარია ჯანმრთელობა და სტადიონზე მშვიდად დაბრუნება. ამდენი გარდაცვლილი ადამიანის ამბავი ძალიან გვამწუხრებს“, – თქვა მანჩინიმ.