ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ (1994-1999, 2001-2004) Tuttojuve-სთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა. ლეგენდარულმა სპეციალისტმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.
– რომელი უკეთესი იყო, 1995 წელს პირველი სკუდეტო თუ 2002 წლის 5 მაისის სკუდეტო?
– პირველი ნამდვილად ძალიან გამიხარდა და დიდი კმაყოფილება მომიტანა, მაგრამ 5 მაისის გამარჯვებაც ძალიან სასიამოვნო და დამაიმედებელი იყო. თუ უნდა ავირჩიო, მაინც 1995 წლის გამარჯვებას ავირჩევ.
– შანსი რომ გქონდეთ, ჩემპიონთა ლიგის რომელ ფინალს ითამაშებდით თავიდან?
– დაუფიქრებლად გიპასუხებთ: 2003 წელს „მილანთან“ ფინალს თავიდან სიამოვნებით ვითამაშებდი. რატომ არ ვათამაშე ამ მატჩში დი ვაიაო? მირჩევნია ამ კითხვაზე არ გიპასუხოთ.
– თქვენი ყოფილი ფეხბურთელებიდან ბევრი წარმატებული მწვრთნელი გახდა. შესანიშნავი მაგალითია ზიდანი და კონტე. რა არის მარჩელო ლიპის საიდუმლო?
– ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემი ყოფილი ფეხბურთელები მწვრთნელები არიან და ზოგიერთმა ჩემი მეთოდები გადაიღო. ამას მივესალმები. რამდენიმესთან ვსაუბრობ და რჩევებს ვაძლევ, ბედნიერი ვარ მათი სამწვრთნელო კარიერით.
– სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საუბარი იყო „იუვეში“ დაბრუნებაზე. ყოფილა რეალური კონტაქტი კლუბთან?
– არა, არასდროს ყოფილა რეალური კონტაქტი. მხოლოდ ჭორები იყო.
– გჯერათ, რომ დიბალა დელ პიეროს მემკვიდრეა?
– შესანიშნავი ფეხბურთელია, როგორც ბევრი სხვა. მაგრამ წარსულის მემკვიდრეობაზე საუბარი პაულოსთვის კარგი არაა. ცხადია, შეიძლება ჩაითვალოს იმ დონეზე, როგორც სხვები თამაშობდნენ, ვისაც ეს დიდებული მაისური მანამდე ეცვათ.
– კარგი იქნება ჩემპიონთა ლიგის მატჩების ხილვა აგვისტოში და ნეიტრალურ სტადიონებზე?
– ამ საკითხით დიდად დაინტერესებული არვ. მე ის მაინტერესებს, რომ ფეხბურთის თამაშის დასაწყებამდ შესაბამისი კონდიციები მზად იყოს. ეს თუ მოხდება, ნიშნავს, რომ ვირუსის შიში აღარ იარსებებს.