ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა სტეფან ლიხტშტაინერმა ანდრეა პირლოსა და პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა. შვეიცარიელი დარწმუნებულია, რომ პირლო მწვრთნელის რანგში კარგად იმუშავებს, ხოლო დიბალას შემთხვევაში კლუბს ურჩია, რომ არგენტინელი შეინარჩუნონ.
„კარიერის დასრულებასთან ახლოს გასულ წელს ვიყავი, მაგრამ შემდეგ ერთი სეზონის გერმანიაში გატარება გადავწყვიტე. ეს არ ყოფილა ბოლო მომენტის არჩევანი. ჩემი პრიორიტეტი ჩემი შვილებია, რომლებიც სკოლაში დადიან და ყოველწელს ქალაქს ვერ შევიცვლიდი. მომავალი? შევაფასებ ჩემს ორ გზას, პირველი არჩევანია დიპლომის აღება, რომ მენეჯერი ან მწვრთნელი გავხდე, მეორე ეხება პროექტს ცხოვრებაში. იტალიაში წასვლა? ვნახოთ, ვნახოთ. კარგი გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე თვე დამჭირდება.
რატომ იმარჯვებს ყოველთვის „იუვენტუსი“? იმიტომ, რომ გამარჯვება მის დნმ-შია. „იუვენტუსში“ უნდა მოიგო და ასე უნდა გააგრძელო. საჩუქრად არაფერი გერგება, ოფლის დაღვრა მოგიწევს ამ მაისურით და სხვებზე მეტი უნდა გააკეთო. ვფიქრობ, ეს ენერგიისა და სტიმულის დიდი ინექციაა, რომელიც სასარგებლოა რთულ დროს, როდესაც დაღლილი და ზეწოლის ქვეშ ხარ. „იუვეს“ საიდუმლო გამარჯვების დიდი სურვილია, ეს უფრო დიდია, ვიდრე მისი კონკურენტები.
პირლო? რა თქმა უნდა, ანდრეას ნდობა გამოუცხადეს, რადგან ყველა კარგად იცნობს, როგორც ფეხბურთელს და იციან რა შუეძლია. ის გამარჯვებული იყო, როგორც იტალიაში, ისე ევროპაში, როგორც პიროვნება კი ძალიან სასიამოვნო და მშვიდია. ეჭვი არ მეპარება, რომ საქმეს ძალიან კარგად გააკეთებს.
დიბალა? ჩემი აზრით, უნდა დარჩეს. ფეხბურთის თვალსაზრისით თუ „იუვენტუსს“ სურს განვითარება გააგრძელოს, არ უნდა გაუშვას ისეთი მოთამაშე, როგორიც პაულოა. ევროპაში ასეთი ფეხბურთელი ბევრი არაა. ცხადია, ეკონომიკური თვალსაზრისით ვერ გიპასუხებთ, რადგან არ ვიცი კომპანიის მდგომარეობა, მაგრამ მოედანზე დიბალა ფენომენია“, – აღნიშნა ლიხტშტაინერმა.
შეგახსენებთ, რომ სტეფან ლიხტშტაინერი „იუვენტუსში“ 2011-2018 წლებში თამაშობდა და საფეხბურთო კარიერა რამდენიმე დღის წინ დაასრულა.