მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იტალიის თასის ნახევარფინალში „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, „იუვეს“ ბარიერის დასაძლევად სრულყოფილად თამაშია საჭირო.
„ვიცით, რომ ჩვენი გულშემატკივრების სიამაყე უნდა ვიყოთ. ბიჭებმა იციან, რომ ვინც ამ მაისურს ატარებს, ვალდებულია გულშემატკივრებს გამარჯვებით სიამაყე მიანიჭოს. ეს ჩვენთვის ყოველთვის მისია უნდა იყოს.
მუშაობა სჭირდება და ამ თამაშისთვის სწორი გზით მომზადებაა საჭირო. ჩვენ სურვილით და მონდომებით უნდა ვითამშოთ, სრულყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან „იუვენტუსის“ დასამარცხებლად ისეთი თამაში უნდა ჩაატარო, იდეალურთან ახლოს რომ იქნება.
როგორ „იუვეს“ ველი? როგორც ყოველთვის, ძლიერ და თავდაჯერებულ „იუვენტუსს“. ჩვენი მოლოდინის გარდა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც ამ ბოლო ორ დღეში გავაკეთეთ. უნდა ვეცადოთ, რომ ყველაფერი მაქსიმალურად კარგად გავაკეთოთ. ეს იქნება ბრძოლა, რომელშიც მცირე შეცდომასაც კი დიდი ფასი აქვს“, – თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ინტერს“ პირველი მატჩი 2:1 მოუგო, ხოლო საპასუხო თამაში ტურინში, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.