ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ იტალიურ მედიასთან ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა. ასევე ლუის სუარესის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ სკანდალზე გააკეთა კომენტარი.
„შეფასების გაკეთება ჯერ ადრეა. იმედი მაქვს, რომ „იუვეს“ მენეჯმენტის მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. თუმცა, წავიკითხე ჭორები, რომ ისინი ზეწოლას ახდენდნენ. იმედი მაქვს და მჯერა, რომ ეს ჭორები უსაფუძვლო აღმოჩნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ლაქა იქნება კლუბისთვის“, – თქვა კობოლი ჯილიმ ლუის სუარესის საქმეზე, რომლის მიხედვით ურუგვაელი იტალიის მოქალაქეობის მიღებას უკანონოდ ცდილობდა.
ტურინელთა ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეა პირლოს შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მაურიციო სარისგან განსხვავებით ამჯერად გუნდმა სწორი არჩევანი გააკეთა.
„აღფრთოვანებული ვარ ახალი პროექტით. სარი არასდროს ყოფილა იუვენტინო და აღმოჩნდა, რომ ეს იყო პარატიჩისა და ნედვედის არასწორი არჩევანი. პირლოს კი პირიქით, შეუძლია „იუვეს“ სული განასახიეროს,მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ დაუმტკიცებია შესაძლებლობები მწვრთნელის რანგში. ველოდები, რომ შეძლებს ფეხბურთელების მოტივირებას და სწრაფ, ეფექტურ თამაშს. „რომასთან“ თამაში მნიშვნელოვან მინიშნებებს მოგვცემს, ორივე გუნდს სხვადასხვა მიზეზთა გამო გამარჯვების დიდი მოთხოვნილება აქვთ“, – დასძინა კობოლი ჯილიმ.