ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ ანტონიო კონტე გააკრიტიკა. მან გაიხსენა 2007 წელს სერია B-ში მომხდარი ფაქტი, როდესაც „იუვენტუსმა“ კონტეს „არეცო“ 5:1 დაამარცხა და სწორედ იმ მატჩით გაიფორმა სერია A-ში თამაშის უფლება.
კობოლი ჯილის განცხადებით, მაშინ დარწმუნდა, რომ კონტეს „იუვესთვის“ შესაფერისი მწვრთნელის მენტალიტეტი არ ჰქონდა და ამიტომაც, იმავე წელს მას კლაუდიო რანიერი ამჯობინეს.
„რა თქმა უნდა, ის კომპეტენტური მწვრთნელია. თუმცა არ მინდა, მისი ცოლი ან შვილი ვიყო. ის მაღალი ტექნიკური ფასეულობებით გამოირჩევა, მაგრამ ადამიანურ დონეზე ნაკლებად. 2007 წელს მას კლაუდიო რანიერი ვარჩიეთ. ჟან-კლოდ ბლანთან საუბარში გავიხსენე არეცოში, რაც მოხდა. კარს მიღმა ისმოდა ადამიანის ყვირილი, ის კონტე იყო. გაბრაზებული იყო, რადგან ფრე არ ვეთამაშეთ და 5:1 მოვუგეთ. მე მას შენიშვნა მივეცი უაზრო რეაციის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩემთვის ეს იყო იმ ადამიანის მენტალიტეტი, ვინც „იუვენტუსის“ მწვრთნელი არ უნდა ყოფილიყო“, – თქვა კობოლი ჯილიმ.