ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ხუან კუადრადომ „ბოლონიასთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ამ შეხვედრაში რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მეორე ტაიმში ვესტონ მაკკენის საგოლე გადაცემა გაუკეთა.
„რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო, რადგან ლიდერის პოზიციას გვაახლოვებს და წინ კიდევ ბევრი თამაშია. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული როგორც ყოველთვის. ეს „იუვე“ ბოლომდე იბრძოლებს, ეცდება თამაშები მოიგოს და ყველა მატჩს ისე მიუდგეს, როგორც ფინალს. ახლა შემდეგი მატჩისთვის მოვემზადებით იტალიის თასზე და მერე ისევ ჩემპიონატზე ვიფიქრებთ. „იუვე“ გამარჯვებებს მიჩვეულია. წელს ჩემპიონატი დაძაბულია, მაგრამ გვაქვს ძალა, სურვილი და მონდომება, რომ პირველი ადგილისთვის ვიბრძოლოთ.
კორონავირუსი? მშვიდად ვიყავი, სახლში მაქვს სავარჯიშო დარბაზი და იქ მქონდა შესაძლებლობა, რომ მევარჯიშა და მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დამთავრდა ადვილად დაბრუნება მოვახერხე.
რა თქმა უნდა, „იუვე“ იზრდება, ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს, ბევრი ახალგაზრდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვეძებთ სწორ გზას, რომ გავაკეთოთ ის, რაც მწვრთნელს სურს. ამას ნელ-ნელა ვაკეთებთ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ იმის დაჯერება, რასაც მწვრთნელი გვეუბნება, რომელიც ნამდვილად მწვერვალამდე მიგვიყვანს.
მაკკენის გოლი? ვიცით, რომ მაკკენი ძალიან კარგად ხტება და სივრცეებს პოულობს. ჩვენ, ფლანგელებმა უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი ჩაწოდება გავაკეთოთ, რადგან როდესაც ის, რონალდუ და მორატა საჯარიმოში არიან, უფრო ადვილია ჩაწოდება, ვინაიდან საჯარიმოში კარგად უტევენ“, – თქვა კუადრადომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 27 იანვარს, იტალიის თასის მეოთხედფინალში „სპალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.