ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ანდრეა პირლოსთვის უბრალოდ პრობლემაა. კასანო ფიქრობს, რომ მაურიციო სარისთვისაც რონალდუ პრობლემას წარმოადგენდა და ამიტომ, პირლოს წარუმატებელ სეზონზე დიდი პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
„პირლოს ძალიან ცოტა პასუხისმგებლობა ეკისრება. „იუვენტუსმა“ შარშან გაათავისუფლა მწვრთნელი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში იტალიაში ყველაზე ლამაზი ფეხბურთის მიმდევარია და მისი დიდი პრობლემა ერთადერთი იყო: კრიშტიანუ რონალდუ. ასე იყო სარისთვის და ასეა პირლოსთვის. ახალ მწვრთნელსაც დაბრკოლებად კრიშტიანუ რონალდუ ეყოლება. პირლოსგან ასეთი სეზონი მოსალოდნელი იყო, მხოლოდ გვარდიოლამ შეძლო პირველ სეზონში გაბრწყინება და ასევე ზიდანმა, მაგრამ მათ სხვა ტიპის გუნდები ჰყავდათ.
თუ ლამაზი ფეხბურთის გზა აირჩიე, რონალდუ არ არის კარგი გზა. ის არის ადამიანი, ვისაც ბურთი უნდა მისცე და მხოლოდ თავის რეკორდებზე ფიქრობს. ეს არ არის ის რონალდუ, რაც 4 წლის წინ იყო. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იყიდეს და ეს ვერ შეძლეს. პირლო ახალბედა მწვრთნელია და მისთვის ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოლა პრობლემაა. ავიღოთ მაგალითად კულუშევსკი, ის ძალიან დამოკიდებულია რონალდუზე, ის ვერ თამაშობს თავისუფლად, ყოველთვის მას ეძებს. თუ შენ გყავს ძლიერი მენტალიტეტის არმქონე ახალგაზრდები, მაშინ პრობლემები წარმოიქმნება.
„იუვენტუსში“ პირველ რიგში უნდა გაარკვიონ რონალდუს მომავალი. ეს გუნდი უნდა შეიქმნას ახალგაზრდების გარშემო და ახალი ციკლი დაიწყონ. ახლაც ჰყავთ საინტერესო ახალგაზრდები, კულუშევსკი, კიეზა, დე ლიხტი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, კიდევ 2-3 ნიჭიერი ფეხბურთელია საჭირო და 2-3 მსოფლიო კლასის ფეხბურთელი. თუ რონალდუს გაყიდიან 30 მილიონი ხელფასით გამოუთავისუფლდებათ, პლუს 60 მილიონი ტრანსფერისგან და შეძლებენ გუნდის კარგად დაკომპლექტებას, მაგრამ თუ ვერ გაყიდიან, მაშინ კარგი ტრანსფერების გაკეთება გაუჭირდებათ. გარდა ამისა, ბონუჩიმ, კიელინიმ და ბუფონმა უნდა გადაწყვიტონ რას აპირებენ. პირლოს დიდი კარიერა ექნება, მაგრამ დრო უნდა მისცენ. ამ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა მენეჯმენტს ეკისრება, რომელმაც შემადგენლობა არ განაახლა“, – თქვა კასანომ.