მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობერტო კარლოსმა 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა, რომელიც „იუვენტუსთან“ გამართეს.
„ბიანკონერი“ ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა და ჩვენთან ფავორიტი იყო. ფინალის წინა ღამეს დაძინება ვერ შევძელით. 10 საათზე წავედით დასაძინებლად, მაგრამ დილის 4 საათზე ფეხბურთელები სასტუმროს ჰოლში ვიყავით და დრო საუბრით გაგვყავდა. ჩვენ არ გვეშინოდა, მაგრამ „იუვეს“ ძალიან დიდ პატივს ვცემდით. ეს თამაში არა კლასის, არამედ მოტივაციის ხარჯზე მოვიგეთ და „რეალში“ გატარებული პერიოდიდან ყველაზე კარგად მაგონდება“, – თქვა კარლოსმა.
შეგახსენებთ, რომ 1998 წელს „რეალმა“ „იუვენტუსი“ 1:0 დაამარცხა და აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგა/თასი 32-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.