იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ „იუვენტუსში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ სკუდეტოები უსამართლოდ ჩამოართვეს.
კანავაროს ტურინში გატარებული წლები ძალიან კარგად ახსენდება და ყველაზე ნათელ წლებს უწოდებს.
„იმ ორ სეზონში ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა, შიშს იწვევდა, მაგრამ ჩემპიონის ტიტული წაგვართვეს, რომელიც მოედანზე დამსახურებულად მოვიგეთ. მთავარი სინანულია, რომ ამ ჩემპიონობებით ვერ ვისიამოვნეთ. მაქსიმუმს ვაკეთებდით, საოცრად ძლიერი შემადგენლობა გვყავდა და რაც მოხდა არავის სჯეროდა, პირველ რიგში მე.
წასვლა? ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა. გუნდს დაუდგა საკითხი, რომ მაღალი ხელფასის მქონე რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაეყიდა. შედეგად მე და ემერსონი „რეალში“, ტურამი და ძამბროტა „ბარსელონაში“, იბრაჰიმოვიჩი და ვიეირა „ინტერში“ გაყიდეს.
ვინც გუნდს სერია B-ში გაჰყვნენ, განსაკუთრებული საქმე გააკეთეს, მათ დააბრუნეს „იუვე“ იქ, სადაც მისი ადგილია. სწორედ „იუვენტუსში“ მივხვდი რა არის უბრალოდ ფეხბურთის თამაშსა და გამარჯვებას შორის განსხვავება, ეს ყველაზე ნათელი წლები იყო.
„ინტერი“? „სან სიროზე“ პირველი თამაშის დროს სტადიონი დაინგრა. მორატიმ მითხრა, რომ ასეთი ემოცია მხოლოდ რონალდოს დროს ენახა. მე ნაკრების კაპიტანი ვიყავი და მოლოდინი ამიტომაც ძალიან დიდი იყო. თუმცა „ინტერში“ ყოფნისას საშინელი ტანჯვა გამოვიარე, წელიწადზე მეტი ტრავმირებული ვთამაშობდი და კარიერის დასრულებაც მინდოდა“, – თქვა კანავარომ.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო კანავარომ „იუვენტუსში“ 2004-2006 და 2009-2010 წლებში ითამაშა და 128 მატჩში 7 გოლი გაიტანა.