ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო კაბრინი თვლის, რომ დიეგო მარადონა დღეს ცოცხალი იქნებოდა, თავის დროზე „ნაპოლის“ ნაცვლად „იუვენტუსში“ რომ ეთამაშა.
კაბრინი და დიეგო ერთი თაობის ფეხბურთელები იყვნენ, ანტონიოს აზრით, მაშინ „იუვეში“ შექმნილი გარემო მარადონას ცხოვრებას შეცვლიდა და არ გაივლიდა იმ გზას, რაც კარიერის დასრულების შემდეგ გაიარა.
„მარადონა ახლაც ცოცხალი იქნებოდა, იმ ეპოქაში „იუვენტუსში“ რომ ეთამასა და არა „ნაპოლიში“. ის ცოცხალი ლეგენდა და ჯენტლმენი მეტოქე იყო, რომელსაც სხვა ჩემპიონების მსგავსად ერთდროულად შეეძლო საუკეთესო და ყველაზე ცუდი გაეკეთებინა. ვფიქრობ, რომ ისევ ჩვენთან იქნებოდა, „იუვეში“ რომ ეთამაშა. მას ყველაფრისგან არა გუნდის ხელმძღვანელობა, არამედ მაშინ ჩვენს გუნდში შექმნილი გარემო გადაარჩენდა. ნეაპოლის სიყვარული ძლიერი და ავთენტური იყო, მაგრამ ავადმყოფური“, – თქვა კაბრინიმ.
შეგახსენებეთ, რომ ანტონიო კაბრინის დიეგო მარადონას წინააღმდეგ 80-იან წლებში, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე უთამაშია.