ტურინის „იუვენტუსის“ ტიფოზები „ალიანც სთედიუმიდან“ ანტონიო კონტეს ვარსკვლავის აღებას ითხოვენ. მათ პლატფორმაზე Change.org პეტიციაც შექმნეს ამ მოთხოვნით. „იუვეს“ ქომაგების გაბრაზება იტალიის თასის ნახევარფინალში მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია, როდესაც კონტემ „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელებს შუა თითი უჩვენა.
ანტონიო კონტეს ვარსკვლავი „ალიანც სთედიუმის“ გარეთ არის გახსნილი და თუ კლუბი მის გაუქმებას გადაწყვეტს, ეს მეორე შემთხვევა იქნება. ჯერჯერობით ერთადერთი ვარსკვლავი, რომელიც სტადიონიდან აიღეს, პოლონელი ზბიგნევ ბონიეკს ეკუთვნოდა და მაშინაც შედეგი ტიფოზების აჯანყებამ გამოიღო.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე “იუვენტუსში” 1991-2004 წლებში თამაშობდა, ხოლო 2011-2014 წლებში მთავარი მწვრთნელი იყო და ორივე როლში კლუბში დიდი კვალი დატოვა. თუმცა, ბოლო პერიოდში მას კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს, რომელიც სათავეს 2014 წლის ზაფხულიდან იღებს.
რაც შეეხება ზიბი ბონიეკს – პოლონელის დუბლით “იუვენტუსმა” 1985 წლის იანვარში წელს ევროპის სუპერთასი მოიგო (“ლივერპულთან” 2:0), იმავე წლის მაისში კი მისი მოპოვებული პენალტით იმავე “ლივერპულთან” ჩემპიონთა თასის ფინალში იმარჯვა. ბონიეკი 80-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი იყო, მაგრამ მოგვიანებით მან კლუბის შესახებ არაერთი დამცინავი და ცინიკური განცხადება გააკეთა, რის გამოც ბონიეკს ტურინელი ტიფოზები პატივს აღარ სცემენ. აქვე გეტყვით, რომ მისი ვარსკვლავი ედგარ დავიდსის ვარსკვლავით ჩანაცვლდა.