ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებისთვის და წევრებისთვის დანიელე რუგანის დაინფიცირების შემდეგ დაწყებული 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პერიოდი დასრულდა.
თუმცა, ეს არ ვრცელდება თავად რუგანიზე, რომელიც ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა, ბლეზ მატუიდიზე და პაულო დიბალაზე, რომლებსაც მოგვიანებით აღმოაჩნდათ ვირუსი.
გარდა ამისა, გონსალო იგუაინმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მირალემ პიანიჩმა, სამი ხედირამ და დუგლას კოშტამ იტალია დატოვეს. ადგილობრივი მთავრობის განკარგულებით კი, ყველა ვინც იტალიაში დაბრუნდება, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც 14 დღე კარანტინში იქნება.
ასე, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ არასტაბილურია და ისიც უცნობია, როდის დაიწყებს „იუვენტუსი“ ვარჯიშს. მოსალოდნელია, რომ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება.