მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” დიბალას გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა

“იუვენტუსმა” დიბალას გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში პაულო დიბალას გუნდიდან გაშვებას აპირებს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ეს თითქმის გადაწყვეტილია და ამაზე პაველ ნედვედის გუშინდელი კომენტარი აშკარად მიანიშნებდა.

“დიბალა ძალიან გვაკლია, მას ამ სეზონში 800 წუთზე მეტი დრო არ უთამაშია და ეს ძალიან ცოტაა. მისი ყოფნა შეტევაში მეტი ვარიანტისა და გოლების გარანტიას მოგვცემდა, რომლებიც აქამდე აშკარად დაგვაკლდა. მას კიდევ ერთი წელი აქვს ხელშეკრულება და სხვა დასამატებელი არაფერია იმაზე მეტი, რაც პარატიჩიმ და ანიელიმ აქამდე თქვეს. ცხადია, „იუვეში“ ყოველთვის ფასდება ყველა მოთამაშე და ფასდება სატრანსფერო ბაზრის ყველა შესაძლებლობა, ნორმალურია, რომ ასეა”, – თქვა ნედვედმა.

დიბალას კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება და მხარეები მის განახლებაზე ვერ შეთანხმდნენ. მოლაპარაკებები შეჩერებულია, რადგან „იუვე“ არაპირებს სეზონში 10 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზოს 27 წლის არგენტინელს. აქედან გამომდინარე, ზაფხულში მისი გაყიდვის გარდა სხვა გზა არ რჩება, რადგან მაშინ 2022 წელს ის თავისუფალი აგენტი გახდება და კლუბი ფინანსურ ზარალს ნახავს.

დიბალას უკვე აქვს წინადადებები „მანჩესტერიდან“ და „ტოტენჰემიდან“, მაგრამ ისინი მაქსიმუმ 50 მილიონ ევროს იხდიან, მაშინ, როცა „იუვე“ 75 მილიონ ევროს ითხოვს.

ტურინელებს უფრო ხიბლავთ მისი სხვა ფეხბურთელში გაცვლის ვარიანტი. ამჟამად ჰორიზონტზე ორი ფეხბურთელი – მაურო იკარდი და ანტუან გრიზმანი. ფრანგი ტურინელებისთვის უფრო მისაღები ვარიანტია და „ბარსელონასთან“ კარგი ურთიერთობაც აქვთ, მაგრამ მისი ხელფასი ესპანეთში 18 მილიონი ევროა, რისი გადახდაც იტალიელებს არ შეუძლიათ და გრიზმანი მაქსიმუმ 10 მილიონ ევროდ თამაშს უნდა დათანხმდეს, რაც საკმაოდ ძნელი იქნება.

პაულოს, რომელიც შარშან გუნდში ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო, მიმდინარე სეზონი პრაქტიკულად გაუცდა და 10 იანვრის შემდეგ გუნდს ვერ ეხმარება. მან ყველა ტურნირზე 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. მთლიანობაში კი „იუვენტუსში“ ჩატარებულ 244 მატჩში 98 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …