მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” ურთიერთშეხვედრები ჩემპიონთა ლიგის მეტოქეებთან

“იუვენტუსის” ურთიერთშეხვედრები ჩემპიონთა ლიგის მეტოქეებთან

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში „ბარსელონას“, კიევის „დინამოსა“ და უნგრულ „ფერენცვაროშს“ დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია კალენდარიც – ანდრეა პირლოს გუნდი ჯგუფურ ეტაპს კიევში დაიწყებს და ბარსელონაში დაასრულებს.

„ბებერ სინიორას“ მომავალ მეტოქეებთან ასეთი ისტორია აქვს:

„იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ ურთიერთშეხვედრების ისტორია უსასრულოა. პირველად ეს გუნდები ერთმანეთს 1970-1971 წლების სეზონში შეხვდნენ და ორივე თამაში „იუვემ“ 2:1 მოიგო.

შემდეგ იყო 1985-1986 წლების სეზონი, სადაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გამარჯვება ესპანელებს დარჩათ (1:0, 1:1). 1990-1991 წლების სეზონში, თასების თასის ნახევარფინალშიც „ბარსელონამ“ მოიგო (3:1, 0:1). ამის შემდეგ გუნდები მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ხვდებიან ერთმანეთს. 2002-2003 წლების სეზონში „იუვემ“ მეოთხედფინალში სძლია მეტოქეს (1:1, 2:1), 2015 წელს ფინალში წააგო (1:3), 2016-2017 წლების სეზონში კი მეოთხედფინალში კვლავ იტალიელებმა იმარჯვეს (3:0, 0:0). ბოლოს ეს გუნდები 2017-2018 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ და „ბარსელონამ“ სახლში 3:0 მოიგო, ხოლო ტურინში გოლი არ გასულა.

მთლიანობაში ეს გუნდები 13-ჯერ შეხვდნენ, 5 მატჩი ტურინელებმა მოიგეს, 4-ჯერ ესპანელებმა და 4-ჯერაც თამაში ფრედ დასრულდა (15:14 ბურთების ბალანსი „ბარსას“ სასარგებლოდ). ტურინში „იუვენტუსმა“ 6 მატჩიდან 3 მოიგო და 3 ფრე დაფიქსირდა, „ბარსას“ არასდროს მოუგია იტალიაში, ხოლო ბარსელონაში „იუვენტუსმა“ 2-ჯერ იმარჯვა, ერთხელ ფრე დაფიქსირდა და 3-ჯერ კატალონელებმა იმძლავრეს. 1 მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარდა და „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში აჯობა „იუვეს“.

„იუვენტუსი“ კიევის „დინამოს“ აქამდე ოთხჯერ შეხვედრია და აშკარა უპირატესობას ფლობს – 3 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება (12:3 ბურთების ბალანსი). 1997-1998 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ტურინში პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, მაგრამ კიევში „იუვემ“ 4:1 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა. შემდეგ იყო 2002-2003 წლების სეზონი და პირველი ჯგუფური ეტაპი. „დელე ალპიზე“ ტურინელებმა მეტოქე 5:0 განაადგურეს და შემდეგ ბოლო ტურში კიევში, არაფრის მომცემ მატჩში 2:1 იმარჯვეს. როგორც ხედავთ, „იუვენტუსს“ კიევში ორივე თამაში მოგებული აქვს, ხოლო ტურინში ერთხელ იმარჯვა, ერთხელაც ფრეს დასჯერდა.

„იუვენტუსი“ და „ფერენცვაროში“ ერთმანეთს 1932-1965 წლებში შვიდჯერ შეხვდნენ, მაგრამ ისეთ ტურნირებზე, დღეს, რომ აღარ არსებობს. ბოლო დაპირისპირება 1965 წელს უნგრელების გამარჯვებით დასრულდა (1:0).

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „იუვენტუსი“ 20 ოქტომბერს, კიევში „დინამოს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …