ტურინის „იუვენტუსი“ ლუის სუარესს სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება. ინფორმაცია იტალიურმა მედიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ურუგვაელსა და კლუბს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, სამწლიანი კონტრაქტი, სეზონში 10 მილიონი ევროს ანაზღაურებით. სუარესი მალე იტალიის მოქალაქეობასაც აიღებს, ესპანური გამოცემები წერენ, რომ სუარესი ხვალ იტალიური ენის გამოცდასაც ჩააბარებს და იტალიის პასპორტისკენ გზა გაეხსნება. იტალიის მოქალაქეობა იმიტომ სჭირდება, რომ „იუვეს“ არაევროკავშირელი ფეხბურთელების ლიმიტი უკვე ამოწურული აქვს.
ახლა მთავარია „ბარსელონას“ პასუხი, რომელსაც ფეხბურთელის გაშვება გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ ესპანელებს კომპენსაციის გადახდა მოუწევთ სუარესისთვის და ესაა მთავარი დაბრკოლება.
ფაქტია, რომ „იუვემ“ არჩევანი „ელ პისტოლეროზე“ გააკეთა და ფეხბურთელმაც „ბებერი სინიორა“ აირჩია.