ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 26-ე ტურში უშუალო კონკურენტ მილანის „ინტერს“ უმაყურებლოდ უმასპინძლა. მიუხედავად ამისა, მაურიციო სარის გუნდმა გამართული და იდეალური თამაში აჩვენა.
„იუვეს“ დიდი ხანია ასეთი დამაჯერებელი ხარისხი არ უჩვენებია. პირველ ტაიმში გოლთან ახლოს მატიას დე ლიხტი და ბლეზ მატუიდი იყვნენ, მაგრამ სამირ ჰანდანოვიჩი კარგად გაისარჯა.
სლოვენიელი მეკარე მეორე ტაიმში ვერაფერს გახდა. სარის გუნდმა მეორე ნახევარი გაცილებით მაღალ დონეზე, მართლაც უშეცდომოდ ჩაატარა და ანტონიო კონტეს „ინტერი“ ყველა კომპონენტში დაჯაბნა. ანგარიში 55-ე წუთზე გაიხსნა. ბლეზ მატუიდის ფლანგური გადაცემის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ ვერ დაარტყა, მაგრამ იქვე აარონ რემზი იყო, რომელმაც ანგარიშის გახსნა მოახერხა და მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა.
უელსელმა მალე საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში. თუმცა, პაულო დიბალას გოლის ეპიზოდში ასისტენტზე საუბარი რთულია, რადგან არგენტინელი ფანტასტიკურად გაისარჯა და ულამაზესი გოლით სხვაობა გაზარდა.
ტურინელებს კიდევ შეეძლოთ გატანა. განსაკუთრებით ბოლო ნაწილში, როდესაც ორჯერ კრიშტიანუ რონალდუმ მცირედით ააცილა მეტოქის კარს და 12-მატჩიანი გოლების სერია შეწყვიტა.
ამრიგად, „იუვენტუსმა“ 63 ქულა დააგროვა, „ინტერს“ 9 ქულით, ხოლო „ლაციოს“ 1 ქულით გაასწრო და ლიდერობა დაიბრუნა.
„იუვენტუსი“ – „ინტერი“ 2:0 (0:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო (დე შილიო 78); რემზი, ბენტანკური, მატუიდი; დუგლას კოშტა (დიბალა 59), იგუაინი (ბერნარდესკი 80), რონალდუ
მწვრთნელი: მაურიციო სარი
„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი; კანდრევა (გალიარდინი 74), ვესინო, ბროჟოვიჩი, ბარელა (ერიკსენი 59), იანგი; ლაუტარო მარტინესი, ლუკაკუ (სანჩესი 77)
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
გოლები: 1:0 რემზი (55), 2:0 დიბალა (67)
გაფრთხილება: რონალდუ (87) – შკრინიარი (64), ვესინო (71), ბროჟოვიჩი (79)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 8 (2) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: მარკო გუიდა