ტურინის „იუვენტუსმა“ 2021 წელი გამარჯვებით დაიწყო. ანდრეა პირლოს გუნდმა „უდინეზეს“ უმასპინძლა და 4:1 მოიგო. თუმცა, ნერვიულობა მაინც მოუწია, რადგან დაცვის ხაზში ბევრი პრობლემა იყო.
„უდინეზე“ მე-11 წუთზე როდრიგო დე პაულმა დააწინაურა, მაგრამ გოლი არგეტინელის მხრიდან ხელით თამაშის გამო გაუქმდა. „იუვემ“ კი ანგარიში 31-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს გოლით გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში ფედერიკო კიეზამ გაიტანა – 2:0.ორ წუთში აარონ რემზიმ გამოიჩინა თავი, მაგრამ მანაც ხელით ითამაშა და გოლი არ ჩაითვალა.
ტურინელებმა მესამე გოლი მალევე გაიტანეს. დუბლი კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა – 3:0. სხვათა შორის, „უდინეზე“ უსაქმოდ არ ყოფილა და ორჯერ „იუვენტუსი“ გოლს ძელმა გადაარჩინა. ბოლო წუთზე კი ვოიცეხ შჩესნი შეცდა და ზეგელაარმა სხვაობა შეამცირა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დამთავრებამდე არაფერი რჩებოდა, საპასუხო შეტევა გოლით პაულო დიბალამ დაასრულა – 4:1.
„იუვენტუსმა“ 27 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო მატჩს კი „მილანთან“ სტუმრად 6 იანვარს ჩაატარებს.
„იუვენტუსი“ – „უდინეზე“ 4:1 (1:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი (კიელინი 83), დე ლიხტი, ალექს სანდრო (ფრაბოტა 83); კიეზა (ბერნარდესკი 74), მაკკენი (არტური 65), ბენტანკური, რემზი (კლუშევსკი 74); დიბალა, რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
„უდინეზე“ (3-5-2): მუსო; დე მაიო (მოლინა 65), ბონიფაცი, სამირი; ლარსენი, დე პაული, უოლასი (მაკენგო 81), პერეირა (მანდრაგოა 74), ზეგელაარი; ლასანია (ნესტოროვსკი 74), პუსეტო (ფორესტიერი 46)
მწვრთნელი: ლუკა გოტი
გოლები: 1:0 რონალდუ (31), 2:0 კიეზა (50), 3:0 რონალდუ (70), 3:1 ზეგელაარი (90), 4:1 დიბალა (90)
გაფრთხილება: კიეზა (8), მაკკენი (33), დე ლიხტი (64)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (10) – 10 (7) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: პიერო ჯაკომელი