ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. ვესტონ მაკკენის „შალკედან“ გამოსყიდვა მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო.
Tuttosport-ის ცნობით, ტურინელები ზაფხულში მანუელ ლოკატელისა და ჟორჟინიოს შორის არჩევანს გააკეთებენ. იტალო-ბრაზილიელი „იუვესთან“ ახლოს ჯერ კიდევ მაურიციო სარის დროს იყო, მაგრამ მაშინ გარიგება არ შედგა.
მასზე 7 წლით უმცროსი ლოკატელი კი „ბებერ ქალბატონს“ გასულ ზაფხულს მიუახლოვდა და მისი ტრანსფერის ინიციატორი ანდრეა პირლო იყო, მაგრამ ტრანსფერი მაშინ ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, ლოკატელის ტურინში გადაბარგების შანსი ისევ დიდია. „სასუოლო“ მას დაახლოებით 40-45 მილიონ ევროდ აფასებს.
„იუვენტუსის“ მიზანია, რომ პირველ რიგში ისეთი ნახევარმცველი იყიდოს, რომელიც მცველების წინ ითამაშებს (ასეთი სტილის ნახევარმცველები ბოლო პერიოდის „იუვეს“ ყოველთვის ჰყავდა – პირლო და პიანიჩი).