მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “ნაპოლი: წინათქმა
"იუვე" - "ნაპოლი: წინათქმა

“იუვე” – “ნაპოლი: წინათქმა

„იუვენტუსი“ – „ნაპოლი“. დღეს, ტურინში სერია A-ს მეშვიდე ტურის გამორჩეული მატჩი შედგება ორ ლიდერსა და სკუდეტოს მთავარ მაძიებლებს შორის. ამ გუნდებს გულზე ერთმანეთი არასდროს ეხატებოდათ, მაგრამ ბოლო წლებში ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდა. ეს განსაკუთრებით ნეაპოლელებზე ითქმის, რომლებსაც „იუვენტუსის“ სახელის გაგონებაც კი არ სურთ.

დღევანდელ მატჩს ბევრი ინტრიგა ახლავს. კარლო ანჩელოტი ტურინში ბრუნდება. იქ, სადაც ადრე მუშაობდა, მაგრამ სიყვარული და დაფასება ვერ მოიპოვა. თავის მხრივ, „იუვეს“ შარშანდელი მარცხისთვის, რომელიც კინაღამ ჩემპიონობის დაკარგვად დაუჯდა, რევანში აქვს ასაღები. აი, „ნაპოლის“ კი დღეს ფეხის დაცდენის უფლება არ აქვს, რადგ თუ წააგებს, სხვაობა უკვე თვალში საცემი გახდება – 6 ქულა.

„აძური“ დღევანდელ შეხვედრას თითქმის იდეალური შემადგენლობით ხვდება, ალექს მერეტის ტრავმას თუ არ გავითვალისწინებთ. აი, „იუვეს“ უფრო მეტი პრობლემა აქვს, რადგან მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში ვერ იქნებიან მატია დე შილიო, ლეონარდო სპინაცოლა, სამი ხედირა და დუგლას კოშტა.

დღეს, ეს გუნდები მხოლოდ სერია A-ს ეგიდით 145-ედ შეხვედებიან ერთმანეთს. აქამდე „იუვემ“ 66 თამაში მოიგო, „ნაპოლიმ“ 31, ხოლო 47 მატჩი ფრედ დასრულდა.

მასიმილიანო ალეგრი: „ეს იქნება შესანიშნავი თამაში, რომელის სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით „ნაპოლისთვის“ უფრო ფასეულია, ვიდრე ჩვენთვის. თუმცა, ჩვენთვის მთავარია თამაშის ხარისხის გამო. მენტალურ დონეზე მშვიდად უნდა ვიყოთ, მაგრამ ფიზიკურად რთული თამაში იქნება. კარგი თამაშია საჭირო გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ბევრი ფეხბურთელი არ შეუცვლია, მაგრამ ახალი მწვრთნელი ჰყავს, ძალიან მნიშვნელოვანი, გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე. გვჭირდება ქომაგების დახმარებაც და შარშანდელი მარცხისთვის რევანში ერთად უნდა ავიღოთ“.

კარლო ანჩელოტი: „იუვენტუსი“ – „ნაპოლი“ არაა ჩვეულებრივი თამაში, ეს განსაკუთრებულია. „იუვეში“ ჩემი მუშაობა? – შედეგების მხრივ ნეგატიური გამოცდილება იყო, მაგრამ ძალიან დამეხმარა გაზრდაში და იმის გაგებაში, როგორ მუშაობს კლუბის ორგანიზაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია ჩვენთვის იმისთვის, რომ გავიგოთ სად ვართ. მე მჯერა ჩემი გუნდის, საკმაოდ რთული კალენდარი გვქონდა, მაგრამ ოპტიმალურ კონდიციებში ვიმყოფებით. ფრეზე თუ ვითამაშებთ? – ჩემს კარიერაში ფრეზე არასდროს მითამაშია“.

სავარაუდო შემადგენლობა:

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“, 20:00 საათი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი, რონალდუ, მანჯუკიჩი

„ნაპოლი“ (4-4-2): ოსპინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი; კალეხონი, ალანი, ჰამშიკი, ზიელინსკი; მერტენსი, ინსინიე

მსაჯი: ლუკა ბანტი

სტატისტიკა

144 – „იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ სერია A-ში 144-ჯერ შეხვედრილან. 66 თამაში „იუვემ“ მოიგო, 31 „ნაპოლიმ“.

1 – „იუვენტუსმა“ ნეაპოლელებთან ბოლო საშინაო თამაში წააგო. თავის მხრივ კამპანიელებს ტურინში ზედიზედ ორჯერ არასდროს მოუგიათ.

2 – ბოლო 59 თამაშში „იუვემ“ სახლში მხოლოდ ორი თამაში წააგო. ერთხელ „ნაპოლისთან“ და ერთხელაც „ლაციოსთან“ (53 მოგება, 4 ფრე).

4 – „იუვენტუსმა“ საწყისი 6 თამაში მოიგო. მხოლოდ ოთხჯერ იყო შემთხვევა, როდესაც „ბაინკონერიმ“ მიჯრით 7 თამაში მოიგო სეზონის სტარტზე. ბოლოს ასეთი რამ 2005-2006 წლების სეზონში მოხდა.

89 – 2016-2017 წლების სეზონიის დაწყებიდან „ნაპოლიმ“ სტუმრად ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (89) და ყველაზე მეტი თამაში მოიგო (29).

1 – „იუვენტუსმა“ (130) და „ნაპოლიმ“ (116) განვლილ ექვს ტურში კარისკენ ყველაზე მეტჯერ დაარტყეს და ყველაზე ცოტა დარტყმა მიიღეს (49 ჯამში).

3 – ჯორჯო კიელინის „ნაპოლის“ კარში სამი გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ „სამპდორიასთან“ თამაშობს უფრო შედეგიანად (4 გოლი).

3 – მირალემ პიანიჩსაც სამჯერ ჰყავს „ნაპოლი“ დამწუხრებული, თუმცა სამჯერვე „რომას“ მაისურით. მხოოდ „ტორინოს“ გაუტანა ბოსნიელმა უფრო მეტჯერ (4 გოლი).

6 – მარეკ ჰამშიკს „იუვენტუსთან“ 22 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ „ალიანც სთედიუმზე“ არასდროს გაუტანია. მხოლოდ 2009 წლის ოქტომბერში მოახერხა მან ტურინში თავის გამოჩენა, როდესაც დუბლი პირველად შეასრულა სერია A-ში.

შემთხვევითი სიახლე

რონალდუს ეფექტი – “იუვეს” მაისურების რეალიზაცია წინა წლებთან შედარებით სამჯერ გაიზარდა

კრიშტიანუ რონალდუს ეფექტი „იუვენტუსისთვის“ დაუჯერებელია როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა. ინსტაგრამში ტურინული გუნდის გამომწერთა რაოდენობა …

იგუაინი ფორმაში მკაცრი დიეტის წყალობით შევიდა

გონსალო იგუაინმა ჩველ ფორმაში დაბრუნება მკაცრი დიეტის წყალობით შეძლო. აღნიშნულ ინფორმაციას La Stampa ავრცელებს. როგორც …